პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მედიას 6-თვიანი მუშაობის ანგარიში წარუდგინა

პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მედიას 6-თვიანი მუშაობის ანგარიში წარუდგინა

პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, გიორგი მღებრიშვილს და მასმედიის წარმომადგენლებს 2014 წლის პირველ ნახევარში გაწეული მუშაობის შედეგები წარუდგინა და სამომავლო სტრატეგია გააცნო.

პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის გიორგი არსოშვილის ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უწყებაში მიმდინარე რეფორმებს. კერძოდ, ახალი სტრუქტურული ერთეულის – სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს – შექმნას, რომელიც გეგმავს და კოორდინაციას უწევს პრობაციის სისტემაში ფსიქო-სარეაბილიტაციო და პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელებას.

გიორგი არსოშვილის განცხადებით, 2014 წლის I ნახევარში ფსიქო-სარეაბილიტაციო პროგრამები გაიარა 328-მა პრობაციონერმა; პროფესიული გადამზადებისა და საგანმანათლებლო პროგრამები - 187-მა, საზოგადოებრივ-კულტურულ საქმიანობაში ჩაერთო 1169 პირობით მსჯავრდებული, პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით კი 6 თვეში 67 პრობაციონერი დასაქმდა.

საანგარიშო პერიოდში, პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველმა მუდმივმოქმედმა კომისიამ პირობითი მსჯავრი მოუხსნა 123 პრობაციონერს, ხოლო უფლებები აღუდგინა - 21 პირს.

პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, მიმდინარე წელს თვალშისაცემია პირობით მსჯავრდებულთა მიერ განმეორებითი დანაშაულის ჩადენის საგრძნობი კლება: მიმდინარე წლის I ნახევარში განმეორებითი დანაშაულის 245-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, მაშინ, როცა 2012 წლის პირველ 6 თვეში, განმეორებითი დანაშაული ჩაიდინა 575-მა პრობაციონერმა, ხოლო 2013 წლის ანალოგიურ პერიოდში - 442 პირობით მსჯავრდებულმა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების გამართულ ფუნქციონირების მნიშვნელობასაც, სადაც მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისკენ მიმართული სხვადასხვა პროგრამები ხორციელდება.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, პრობაციის სისტემის გამართული ფუნქციონირება მნიშვნელოვანია, როგორც განმეორებითი დანაშაულის შემცირების თვალსაზრისით, ისე პრობაციონერთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიზნით.

ჟურნალისტებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მუშაობის ამსახველ ორენოვანი ჟურნალი გადაეცათ.

ღონისძიება აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) მხარდაჭერით გაიმართა.