სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია საქართველოსა და რუსეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შეჩერების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე რუსეთში პროდუქციის ექსპორტი აქტიურად მიმდინარეობს. 2014 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, რუსეთის ფედერაციაში 105 000 აშშ დოლარზე მეტი ღირებულების (14 ათას ტონამდე) აგროსურსათის ექსპორტი განხორციელდა. ამ ეტაპზე აქტიურ ფაზაშია ქართული ატმისა და სხვა ხილ-ბოსტნეულის ექსპორტი.
„ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერით, ჩვენ ხელი მოვაწერეთ ევროპასთან თავისუფალ სავაჭრო ურთიერთობას. საქართველო და რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი ქვეყნები არიან, შესაბამისად, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობები ამ ორგანიზაციის წესებით იქნება დარეგულირებული. რუსეთში ქართული პროდუქციის ექსპორტი შეუფერხებლად მიმდინარეობს.
საქართველოსა და რუსეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შეჩერების გადაწყვეტილება გამოიწვევს თანაბარ პირობებში როგორც ექპორტის, ასევე იმპორტის დაბეგვრას. ეს ნამდვილად არა არის კატასტროფა ქართული პროდუქციის რეალიზაციის თვალსაზრისით“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.