სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების დეპარტამენტმა ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე ს.ს "ქუთაისის რძის კომბინატს" ნაყინი "ესკიმოს" წარმოება შეუჩერა და მზა პროდუქციის შესანახ ძირითად მაცივარში პროდუქტის შენახვა აუკრძალა.
ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის შეუსაბამობები, რომლებიც აღნიშნულ საწარმოში გამოვლინდა, კერძოდ, არასათანადო სავენტილაციო სისტემა, კონდენსატის დაგროვება მზა პროდუქციის შესანახ ძირითად მაცივარსა და საწარმოს იმ ნაწილში, სადაც მიმდინარეობს ნაყინი "ესკიმოს" წარმოების ღია პროცესი, რაც არ გამორიცხავს სურსათის დაბინძურებას. ამ დარღვევების გამო საწარმო 1000 ლარით დაჯარიმდა. გარდა ამისა, ს.ს "ქუთაისის რძის კომბინატს" არაკრიტიკული შეუსაბამობების გამო მიეცა რეკომენდაციები და დაუდგინდა მათი გამოსწორების გონივრული ვადები.