სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, რიჩარდ ნორლანდს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მხარეებმა სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს.
მინისტრმა ელჩს პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა და იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის გამოცდილება ქართულ სასჯელაღსრულების სისტემას მნიშვნელოვნად დაეხმარება.
რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, მიმდინარე წელს ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში, აშშ-ის მთავრობა მზადაა სამინისტროსთან თანამშრომლობა გააგრძელოს.
შეხვედრას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე გოგი გახარია და სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.