დღეს, სოფლის მეურნეობის სამინისტროში ოთარ დანელია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში რიჩარდ ნორლანდს შეხვდა.
მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთერთსასარგებლო თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი. შეხვედრაზე ისაუბრეს გაცვლითი და საგანმანათლებლო პროგრამების, სოფლის მეურნეობის დარგში თანამედროვე და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის და კოოპერატივების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს იმ პროექტებზე, რომლებსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით ახორციელებს.
„უპირველეს ყოვლისა, მინდა მივულოცო სოფლის მეურნეობის მინისტრს ამ თანამდებობაზე დანიშვნა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელით დავადასტურო, რომ ამერიკის შეერთბული შტატები კვლავ გააგრძელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მხარდაჭერას, ვინაიდან სწორედ სოფლის მეურნეობა არის ის პრიორიტეტული დარგი, რომლის განვითარებასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის ეკონომიკური წინსვლსაში. მზად ვართ აქტიურად ვითანამშრომლოთ მინისტრთან მიმდინარე ერთობლივ პროექტებზე, რომლებიც მიმართულია სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებასა და მოდერნიზაციაზე. ჩვენ ასევე განვიხილეთ რამდენიმე ახალი საინტერესო იდეა, რომელიც დამატებით სტიმულს მისცემს საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებას“, - განაცხადა აშშ ელჩმა.
„ბევრი სამთავრობო და არასამთავრობო ამერიკული კომპანია არის ჩართული საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში, გარდა ამისა, იგეგმება არაერთი ახალი ერთობლივი პროექტი, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება სოფლის მეურნეობის დარგში ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ.