C ჰეპატიტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში, C ჰეპატიტის პროგრამის ავტორები პროგრამაში ჩართულ მსჯავრდებულ პაციენტებს შეხვდნენ და პროგრამის მიმდინარეობის შესახებ მათი შეფასება და მოსაზრებები მოისმინეს.
C ჰეპატიტთან დაკავშირებით, პენიტენციური სისტემის წლევანდელი სლოგანია „აირჩიე პრევენცია, დაზოგე მკურნალობა სხვისთვის“. კამპანიის ფარგლებში ექიმები პატიმრებს C ჰეპატიტის პრევენციასთან დაკავშირებით ინფორმაციას მთელი წლის განმავლობაში მიაწვდიან.
სასჯელაღსრულების სისტემაში გამოკვლევები უკვე 4692 პატიმარს ჩაუტარდა, 223 პაციენტი კი მკურნალობაში ჩაერთო. პროგრამის ფარგლებში მკურნალობას სულ 1000 პაციენტი გაივლის. საკონტროლო გამოკვლევები ვირუსულ პასუხზე იმ 38 პაციენტს ჩაუტარდა, რომლებმაც მკურნალობა 2014 წლის 1 მარტს დაიწყეს. ყველა მათგანისთვის მკურნალობა შედეგიანად მიმდინარეობს.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ C ჰეპატიტის პროგრამის დაწყების გადაწყვეტილება 2013 წელს მიიღო. პროგრამა, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით, სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტმა და ქვეყნის წამყვანმა სპეციალისტებმა შეიმუშავეს. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული პროგრამის იმპლემენტაცია გასული ოქტომბრიდან დაიწყო.
2013 წლამდე სასჯელაღსრულების სისტემაში ვირუსის გავრცელების შესახებ მონაცემები არ არსებობდა და პატიმრების აბსოლუტურ უმრავლესობას მკურნალობაზე წელი არ მიუწვდებოდა. ამის გამო C ჰეპატიტი პატიმართა სიკვდილიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს წარმოადგენდა, ხოლო ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველომ არაერთი საქმე წააგო, სადაც მსჯავრდებულები ჰეპატიტის ადეკვატურ მკურნალობას ითხოვდნენ.