საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრისა და ხელოვანთა გაერთიანების „პოემუსის“ ინიციატივით, არასრულწლოვანთა N11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში აქცია-კონცერტი გაიმართა. ღონისძიება, რომელშიც „პოემუსის“ წევრი მომღერლები, პოეტები და მსახიობები მონაწილეობდნენ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.
კონცერტის დაწყებამდე დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორი ჯონი კვინიკაძე არასრულწლოვან მსჯავრდებულებს პირადად შეხვდა. მათ მიეწოდათ ინფორმაცია იმ პროგრამებისა და სერვისების შესახებ, რომლებსაც დანაშაულის პრევენციის ცენტრი ახორციელებს.
არასრულწლოვნებს სხეულიდან ტატუს მოშორების პროგრამაში მონაწილეობა შეეთავაზათ. პროგრამის მიზანია ახალგაზრდების იმ დაღისაგან გათვისუფლება, რომელიც მათ მომავალში ციხეში ყოფნის პერიოდს გაახსენებთ.
რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ინიციატივით 2012 წელს ამოქმედდა. მას დანაშაულის პრევენციის ცენტრი ახორციელებს. პროგრამის მიზანია როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, ისე გათავისუფლებამდე მათი მხარდაჭერა, რაც კულტურულ - შემეცნებით ღონისძიებებს ითვალისწინებს.