ოთარ დანელიამ სოფლის მეურნეობის მინისტრის რანგში პირველ სამუშაო დღეს სამინისტროს თანამშრომლებთან სამომავლო პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა.
მინისტრის განცხადებით, ყველა ის პროექტი, რომელსაც დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს გადაიხედება, რადგან მნიშვნელოვანია აღნიშნული პროექტები გლეხებისა და მეწარმეებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია სარწყავი და საირიგაციო სისტემების რეაბილიტაციის პროექტების განხორციელების დაჩქარება და მასშტაბების გაზრდა; მოხდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ხელშეწყობა და წახალისება; ასევე საგანმანათლებლო სისტემის სრულყოფა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა; ვგეგმავთ ისეთი სასოფლო-სამეურნეო დარგების განვითარებას, რომლებიც ბოლო ათწლეულების მანძილზე პოპულარობით არ სარგებლობდნენ, მაგრამ აუცილებელია მათი განვითარება. ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების დიდი წილი სახელმწიფოს ვალდებულებებისა და სტანდარტიზაციის ნაწილში სოფლის მეურნეობის პრაქტიკულად ყველა დარგზე მოდის, განსაკუთრებით სურსათის უვნებლობაზე, ამიტომ ჩვენ მთელ რიგ ღონისძიებებს ვგეგმავთ, ეს სწორედ ის ცვლილებებია, რომელიც ხელშესახები და თვალსაჩინო იქნება და საზოგადოება მალე დაინახავს შედეგს. ამავე დროს, ჩვენ ვგეგმავთ, გავაუმჯობესოთ ჩვენი თანამშრომლების სამუშაო პირობები სამინისტროშიც და რეგიონულ სამსახურებშიც, საჭიროების შემთხვევაში ყველა მიმართულებით მოვახდენთ პროცესის ოპტიმიზაციას“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.
ოთარ დანელიამ სამუშაო შეხვედრაზე სამინისტროს ხელმძღვანელ პირებს სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მისეული ხედვა გააცნო და თანამშრომლების მოსაზრებები და წინადადებები მოისმინა.