დღეს ბიზნესმენებმა მამუკა ხაზარაძემ, კურტ კონტმა , ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ექიმმა დიმიტრი ტვილდიანმა და ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
"თიბისი ჯგუფის" ხელმძღვანელის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ეს არის 60 მილიონი დოლარის ღირებულების ინვესტიცია საქართველოში, რომელსაც კომპანია "თიბისი ჰოლდინგი" გლობალური დეველოპერული და სამშენებლო ჰოლდინგი "კონტი" და დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტი "აიეტი" ახორციელებენ.
"ვამაყობ, რომ დავიწყეთ პროექტის განხორციელება ისეთ რთულ სოციალურ სფეროში, როგორიცაა მედიცინა და გვჯერა, რომ ჩვენი ჰოსპიტალი იქნება რეგიონული ცენტრი უმაღლესი სამედიცინო მომსახურების თვალსაზრისით", - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.
დიმიტრი ტვილდიანის ინფორმაციით კი, ამერიკული ჰოსპიტალი თბილისში ამერიკული სტანდარტების მრავალპროფილიანი, 150 საწოლიანი, სამედიცინო დაწესებულება იქნება, რომელიც თბილსიის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე (10 ჰა) ორი წლის ვადაში აშენდება.
"ეს ადგილმდებარეობა საშუალებას მისცემს ჰოსპიტალს, მოემსახუროს საქართველოს მაღალმთიან რეგიონებსა და მეზობელ ქვეყნებს, რითაც ჰოსპიტალი შეძლებს შეასრულოს რეგიონში წამყვანი სამედიცინო დაწესებულების როლი", - აღნიშნა ტვილდიანმა.
მისივე თქმით, ჰოსპიტალის ბაზაზე, სამედიცინო ინსტიტუტ "აიეტისა" და აშშ-ს წამყვანი სამედიცინო უნივერსიტეტების მონაწილეობით, ჩამოყალიბდება და განვითარდება სასწავლო-სამედიცინო ცენტრი, რომელიც ხელს შეუწყობს სამედიცინო დარგის პროფესიონალთა ქსელის გაფართოებას.
"ასეთი ტიპის სამედიცინო დაწესებულებების შექმნა ხელს შეუწყობს საქართველოში ჯანდაცვის სფეროს განვითარებას. ამერიკული ჰოსპიტალის ბაზაზე ჩვენს მოსახლეობას ხელი მიუწვდება ისეთ სამედიცინო მომსახურებაზე, რომელსაც იღებენ მსოფლიოს სხვადასხვა განვითარებულ ქვეყნებში. ამდენად, ეს არის უმნიშვნელოვანესი ინვესტიცია, როგორც სფეროს განვითარების, ისე მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიმართულებით", - განაცხადა ტვილდიანმა.
კორტ კონტის თქმით კი, საქართველო ძალზე მიმზიდველი ქვეყანაა საინვესტიციო კუთხით.
"ჯანდაცვის მიმართულებით მას აქვს უზარმაზარი პოტენციალი გახდეს რეგიონული ცენტრი, რადგან სტრატეგიულად ქვეყნის მდებარეობა ძალიან ხელსაყრელია. ჩვენი ინვესტიციაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება", - განაცხადა კორტ კონტიმ.
ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, ეს იქნება საერთაშორისო დონის ამერიკული სტანდარტების მიხედვით აშენებული ჰოსპიტალი.
"ჰოსპიტალი საშუალებას მისცემს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის სამხრეთ კავკასიის მოსახლეობას, რომ მიიღონ უმაღლესი წვდომის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო სერვისები საქართველოში. მოგეხსენებათ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მიდის საქართველოს ფარგლებს გარეთ, ხარჯავს უამრავ თანხას იმისათვის, რომ მიიღონ სამედიცინო მომსახურება და მათ ეს უკვე ექნებათ საქართველოში. დიმიტრი ტვილდიანის ინსტიტუტი, "თიბისი ჯგუფი" და "კონტი" ჯგუფი ერთად ახორციელებენ ამ ჰოსპიტალს, რომელიც იქნება აეროპორტთან ახლოს. ეს იქნება სამედიცინო ჰაბის დანიშნულების ობიექტი, რომელიც მოემსახურება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის მოსახლეობას", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, ეს ჰოსპიტალი საშუალებას მისცემს ამერიკაში და საქართველოს ფარგლებს გარეთ მომუშავე უმაღლესი რანგის პროფესიონალებს მონაწილეობა მიიღონ ამ ჰოსპიტალის ჩამოყალიბებაში.
"ეს არის უნიკალური მოდელი. ჩვენი ქვეყნის თანამოქალაქეებს, ნიჭიერ ადამიანებს საშუალებას მისცემს დაბრუნდნენ საქართველოში და იმუშაონ უმაღლესი რანგის ჰოსპიტალში", - აღნიშნა მინისტრმა.
ამერიკული ჰოსპიტალში დაინერგება JCAO უმაღლესი ამერიკული სტანდარტები და ტექნოლოგიები. ამერიკულ ჰოსპიტალში სავარაუდოდ 400-მდე ადამიანი დასაქმდება.