საქართველოში მეშვიდე წელია გვაქვს საზოგადოებრივი მაუწყებელობა - ყველაზე დიდი ტელარადიოკორპორაცია, რომელიც მოიცავს სამ ტელეარხსა და ორ რადიოსადგურს ესენია: 1 არხი, მეორე არხი, რუსულენოვანი Первый Кавказский - ПИК , რადიოები: FM 102..5 და „რადიო ორი - ქართული რადიო“ .
მის დებულებაში გაწერილი პრინციპები, მიზნები და ფასეულობები დემოკრატიული ღირებულებების ციტატების კრებულს წარმოადგენს. ხშირი ტავტოლოგიების მიუხედავად, მისი გაცნობისას მკითხველი სიამაყის განცდით აივსება მშობლიური მედიის ფლაგმანის გამო.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მისია: დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრება; საზოგადოებრივი განათლების დონის ამაღლება; სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა; კულტურული ფასეულობების მიწოდება.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ფასეულობები: დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, კეთილსინდისიერება.
ზემოთჩამოთვლილი ღირებულებების გაგრძელებაა ინფორმაციის მიუკერძოებლობა, მაღალი ჟურნალისტური სტანდარტი, ორიენტაცია ხარისხიან საგანმანათლებლო პროგრამებზე, საქართველოს წარმოჩინება ცივილური სამყაროს სრულუფლებიან წევრად და ა.შ. თუმცა, წესდებას თუ გვერდით გადავდებთ და ერთ საათს მაინც შევწირავთ „პირველი არხის“ ყურებას, უკვე ეჭვი შეგვეპარება, რომ მაუწყებლის გადაცემებს ზემოთჩამოთვლილ ფასეულობებთან რამე საერთო აქვთ.
ღირებულებებთან მწყრალად სხვა ტელევიზიებიც არიან, მაგრამ მათ რეტინგი მაინც აქვთ. საზოგადოებრივი მაუწყებელს ესეც არ გააჩნია: ორგანიზაცია TvMedia Research - ის მონაცემებით, საზოგადოებრივ მაუწყებლობას მედია ბაზრის მხოლოდ 4% უკავია , ანუ, მის პროდუქციას თითქმის არ ყავს მომხმარებელი. (შედარებისთის, იტალიური საზოგადოებრივი კორპორაცია RAI მთავრობის დიდი გავლენის გამო, ევროპის ყველაზე ავტორიტარული ტელევიზიად ითვლება. მაგრამ მიუხედავად ამისა, ხალხში დიდი პოპულარობით სარგებლობს - მისი რეიტინგი 54%-ია. ეტყობა, ეს ტელევიზია, მაყურებლის მოთხოვნებსა და გემოვნებას პასუხობს.
4%–იანი რეიტინგის მქონე კორპორაცია წელს ბიუჯეტს 55 მილიონ 165 ათას 729 ლარი დაუჯდება. აქედან გამომდინარე, მაუწყებლის რეიტინგის ყოველი პროცენტი საქართველოს მოსახლეობას 13 მილიონ 790 ათას ლარად უღირს (!) მაუწყებლის დაფარვის ზონა - 98%-ია. ის მაუწყებლობს მთელს საქართველოზე და სატელიტზეც. მაგრამ ეს უპირატესობა მის რეიტინგზე საერთოდ არ აისახება. რეტინგში საზოგადოებრივ მაუწყებელს, პერიოდულად, შეზღუდული დაფარვის ზონის ტელევიზია „საქართველოც“ კი უსწრებს ამერიკული ბლოკბასტერებითა და სამხედრო - პატრიოტული თემებით. აღარაფერს ვამბობთ „რუსთავი 2“–სა და „იმედზე“, რომელთა რეიტინგები საშუალოდ 15 პროცენტია.
თითქოს აქ უნდა დაგვემთავრებინა წერილი, მაგრამ ვგონებ მაინც ღირს განვიხილოთ, თუ რას გვთავაზობს ტელევიზია, რომელიც 55 მილიონი გვიჯდება.
პირველი არხის მეინსტრიმი, გადაცემათა ანოტაციის მიხედვით, სოციალურ პრობლემებსა და საზოგადოებისთვის საჭირბოროტო თემებს აშუქებს. საუბარია ეკა ხოფერიას „აუდიტორიასა“ და ნინო ქაჯაიას პროექტზე „ცხოვრება მშვენიერია“. თუმცა, რეალურად, ორივე გადაცემაში გლამური და სალონური საუბრებია წარმმართველი. ნინო ქაჯაიას მთელი ჟურნალისტური კომპეტენცია მისი მაკიაჟის ეფექტურობითა და ტანსაცმლის ფერთა ორიგინალურ შეხამებით ამოიწურება. ამის იქით მხოლოდ უსაგნო საუბრებია. ეკა ხოფერია კი, ნებისმიერი თემიდან მუდმივად „მისრიალებს“ სალონურობისკენ. მაგალითად გამოდგება „აუდიტორიისა“ და ჟურნალ „სიტი“-ს ორი წლის იუბილე, რომელიც ქართული ბომონდის საქორწილო სამოსელზე საუბარს მიეძღვნა. მიწვეული ქალბატონები საუბრობდნენ, რამდენი დრო მოანდომეს თავიანთი საქორწილო კაბების არჩევას; „მოამბის“ წამყვანი ნინო თოლორდავა კეკლუცად იხსენებდა: „რაც კი ოქრო, ვერცხლი და ბრილიანტი მაჩუქეს, ყველაფერი გავიკეთე“; ტელესალონების მშვენება, თეონა თავართქილაძე კი ზანტად ყვებოდა, თუ როგორ შეიძინა პარიზში „დოლჩე და გაბანას“ საქორწილო კაბა, რომლითაც „ბერიკონის“ 300 კაციან ქორწილში მოიწონა თავი.
ამ გადაცემებით თუ ვიმსჯელებთ, საქართველოში არანაირი პრობლემა არ არსებობს საფირმო ტანსაცმლის არჩევისა და დროს გატარების გარდა.
„აუდიტორიის“ საშუალო რეიტინგი 2012 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში 2.06% - ია, „ცხოვრება მშვენიერია“ - 1.10%. მაშინ, როდესაც კარგი რეიტინგის მაჩვენებლად ითვლება მონაცემი ათ პროცენტს ზემოთ.
ვახო სანაიას „რეპორტაჟებში“ ვითომდა, შემეცნებითი გეზია აღებული. ის ცდილობს ბრიტანულ პროდუქციაზე გააკეთოს სწორება. თუმცა, ზედაპირულობასა და სიყვითლეს ვერც ის გასცდა. გადაცემის საშუალო რეიტინგი 2012 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში იყო 1.06 %.
„24 საათის“ პრესომბუდსმენს, ნოდარ ლადარიას, ლაშა ბუღაძესთან ერთად საგანმანათლებლო გადაცემა „სი ბემოლი“ მიჰყავს. ორი ინტელექტუალი ოპერაზე საუბრობს. თემატიკა მუსიკათმცოდნეთა ვიწრო წრისთვისაც კი მეტისმეტად სპეციფიური და მოსაწყენია. გაუგებარია, რატომ უნდა დაინტერესდეს მსმენელი ჩასაბერი ინსტრუმენტების დიაპაზონის სპეციფიკის განხილვით და მუსიკის ტემბრალური ხასიათის მნიშვნელობით ვერდის ოპერებში, ანდა ჰობოის ჟღერადობის სპეციფიკით ამა თუ იმ საოპერო დადგმის კულმინაციური მომენტებისას.
გადაცემის პროტაგონისტი ლადარიაა, რომელიც ოპერაში ღრმა ჩახედულობით იწონებს თავს. ლაშა ბუღაძე ოდნავ დაღლილი გამომეტყველებით უსმენს მაესტროს და, პერიოდულად, რამე განზოგადოებული დასკვნით, ან შედარებით სახალისო ინფორმაციით აკეთებს ჩადგმებს... „სი ბემოლის“ რეიტინგია 0.42%.
რაც შეეხება საინფორმაციო გადაცემა „მოამბესა“ და პოლიტიკურ თოქ-შოუებს... „ჩვენ პირველები ვამბობთ“ - ასეთია „მოამბის“ დევიზი, თუმცა, განსაკუთრებულ ვითარებებში, როცა საზოგადოებას ინფორმაცია სჭირდება, „მოამბე“ დუმს, ან სიმართლის თქმას ვერ ახერხებს. საამისოდ, აგვისტოს ომის გახსენებაც კმარა, როცა საომარი პერიპეტიების გაშუქებისას პროგრამა სრულიად უსუსური აღმოჩნდა. (ერთადერთი სანდო და კომპეტენტური წყარო მთელს ქართულ მედიასივრცეში რადიო „თავისუფლების“ კორესპონდენტის - კობა ლიკლიკაძის რეპორტაჟები იყო)
ექსტრემალურ ვითარებაში დუმილის საილუსტრაციოდ წლევანდელი ორი შემთხვევა შეგვიძლია მოვიყვანოთ – ორთაჭალაში მოედნის დატბორვა, რომელსაც რამდენიმე ადამიანი შეეწირა და ლილოს დასახლებაში ქლორის გაჟონვა, რომლის შედეგად ბევრი მოაქალქე საავადმყოფოში მოხვდა. როცა ქალაქში უბედურება ხდებოდა, საგანგებო გამოშვების სანაცვლოდ, პირველი არხი მხატვრულ ფილმებს აჩვენებდა.
რაც შეეხება პლურალიზმს - ოპოზიციურ აზრი „მოამბეში“ , მეტწილად ანგაჟირებული ქრისტიან -დემოკრატებით არის წარმოდგენილი. ყოფილი ჟუნალისტი, გიორგი თარგამაძე პოპულიზმში ძალიან ბაძავს სააკაშვილს - ხალხს კეთილდღეობის სახელმწიფოს აშენებას პირდება, ხოლო მისი ადეპტები - ასევე ჟურნალისტიკის სფეროდან მოსული ინგა გრიგოლია, მაგდა ანიკაშვილი, გიორგი ახვლედინი, იგივე კომკავშირული გზნებით, კვერს უკრავენ პარტიულ ბოსს. 20:00 საათის „მოამბის“ რეიტინგი - 1.92%, . შედარებისთვის, „კურიერი“, ანგაჟირებულობის მიუხედავად, გაცილებით მეტ მაყურებელს იზიდავს, მისი რეიტინგი 15–17 ხანდახან კი – 18-20 პროცენტია.
საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკური თოქ -შოუები თავისი ხასიათით სერვილურია. „დიალოგი დავით პაიჭაძესთან“ ობიექტური ჟურნალისტიკის სიმულირებას ეწევა. ფორმალურად, გადაცემებში მას პოზიცია-ოპოზიციას შორის ბალანსი დაცული აქვს, მაგრამ დღემდე მისგან არავის გაუგია მწვავე შეკითხვა, რომელიც ხეელისუფლების დამცველ რესპონდენტს, სულ მინიმუმ, უხერხულობას მაინც შეუქმნიდა. დავით პაიჭძე საოცრად გავს რუსეთის ცენტრალური არხების ჟურნალისტებს, რომლებიც მშვენივრად ახერხებენ გვერდი აუარონ მწვავე თემებს და ამავე დროს, რიგით მაყურებელს ობიექტურობის ილუზიას უქმნიან.
პაიჭაძის ფონზე შედარებით უკეთესად გამოიყურება ეკა კვესიტაძე გადაცემით „აქცენტები“. თუმცა რჩება შთაბეჭდილება, რომ ისიც ვერ სცდება განსაზღვრულ ჩარჩოებს - თავისუფლების ხარისხი მასაც მკაცრად ლიმიტირებული აქვს.
ორგანიზაცია TvMedia Research - ის მონაცემებით, კვესიტაძის „აქცენტების“ საშუალო რეიტინგი 2012 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში იყო 2.22%; პაიჭაძის „დიალოგის“ - 0.86%;
საგულისხმოა - წლეულს პირველი არხს, რეკორდული რეიტინგი მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში ჰქონდა - 17 მარტს, სარაგბო მატჩის ტრანსლირებისას საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის, რომელსაც 210 ათასზე მეტი მაყურებელი ყავდა. რეტინგი იყო 13%.
ამ მონაცემს ევროპის ჩემპიონთა ლიგის მატჩებმაც ვერ გაუსწრო, რომელსაც, საშუალოდ 100–140 ათასი მაყურებელი ჰყავდა და ვერც - „ევროვიზიის“ ნახევარფინალმა.
ლონდონის ოლიმპიადამ თითქოსდა კარგი შანსი მისცა ტელევიზიას პოპულარობის გასაზრდელად, მაგრამ არაპროფესიულად მომზადებულმა რეპორტაჟებმა ეს შანსიც გააქარწყლა. ერთ-ერთი კომენტატორი ორი კვირის მანძილზე დაჟინებით ახსენებდა ბეი-ჯინს. ეტყობა ამ ახალგაზრდამ არ იცის, რომ წინა ოლიმპიადის მასპინძელ ქალაქს ქართულად პეკინი ქვია. (ასეთია წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული წარმოთქმა). მთავარი ისაა, რომ მთელ ტელევიზიაში ვერ მოიძებნა ადამიანი, რომელიც ამ შეცდომას გაუსწორებდა. თუმცა მსგავსი კურიოზების მოსასმენად ოლიმპიადიდან ოლიმპიადამდე მოცდა სულ არ არის საჭირო - უყურეთ ყოველდღე „მოამბეს“ და არანაკლებ მარგალიტებს აღმოაჩნეთ. ეს სიმპტომატურია - როცა კომპანია კონკურენციისგან თავისუფალია, შემოსავალი უზრუნველყოფილი აქვს და ამ ორგანიზაციის თანამშრომლები სამსახურს სინეკურად განიხილავენ, იგი დეგრადირებს.
საინტერესოა, როგორი ანაზღაურება აქვთ ამ სინაკურების მფლობელებს? ჟურნალისტების უმრავლესობამ ხელფასის გასაჯაროვებაზე უარი თქვა. ამას ვერც დამოუკიდებელი დეპუტატის, დიმიტრი ლორთქიფანიძის ოფიციალურმა მოთხოვნამ უშველა. ვინც უარს ამბობს, კანონით მინიჭებულ უფლებას იშველიებს, (კანონი, რომელიც საჯარო პირის ხელფასს პირადი საიდუმლოების კატეგორიას მიაკუთვნებს, თავისთავად, ძალიან საკამათოა). გულისხმიერება გამოიჩინეს ჟურნალისტებმა : მოამბის წამყვანებმა ეკა მიშველაძემ, ლევან ჯავახიშვილმა, ნინო თოლორდავამ და მარიამ ვაშაძემ. პირველი არხის მეგავარსკვლავებიდან პარლამენტსა და საზოგადოებას პატივი მხოლოდ ეკა ხოფერიამ დასდო.
ოფიციალურად და არაოფიციალურად მოპოვებულ ინფორმაციით, ჟურნალისტების ხელფასებია ასეთია: ეკა მიშველაძე - 3750 ლარი; ლევან ჯავახიშვილი - 2845 ლარი. ნინო თოლორდავა - 2345 ლარი, მარიამ ვაშაძე - 1280 ლარი; ეკა ხოფერია - 4125 ლარი. სააგენტო „პირველის „ ინფორმაციით, დავით პაიჭაძის ანაზღაურებაა 5000 ლარი, ვახო სანაიასი - 4000 ლარი. ტელევიზიის გენერალური დირექტორის, გიორგი ჭანტურიას ანაზღაურებაა 6500 ლარი; სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ლევან გახელაძის ჰონორარი კი 2500 ლარი. ყველა ამ მონაცემს ემატება სოლიდური პრემიები.
საინტერესოა, რა პრინციპით არიან შერჩეულები არხის ხელმძღვანელები: (გთავაზობთ, რა თქმა უნდა საკუთარ ვარაუდს)
ამჟამინდელი დირექტორია გიორგი ჭანტურია. საზოგადოებამ ის პირველად გაიცნო, როგორც მულტსერიალ „დარდუბალას“ ერთ-ერთი ავტორი. შევარდნაძის ხელისუფლების მწვავე კრიტიკა, მისი მხრებითვის, როგორც ჩანს, მძიმე ტვირთი აღმოჩნდა. მისი შემდეგი პროექტი „ჩვენი ეზო“ სრულიად კონფორმისტული გახდა - აქ შევარდნაძე ტკბილ, კეთილ ბაბუდ იყო წარმოჩენილი. ამჟამინდელმა ხელისუფლებამ, როგორც ჩანს, ჭანტურიას მეტამორფოზის ეს უნარი შეამჩნია და სათანადოდ დააფასა კიდეც.
საზოგადოებრივი მაუწყებლის მმართველი ორგანო სამეურვეო საბჭოა, რომელიც, დებულების მიხედვით, „საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირთაგან“ შედგება: ის განსაზღვრავს პროგრამულ პრიორიტეტებს, ამტკიცებს გენდირექტორის წარდგენილ ბიუჯეტს და საკუთარი რიგებიდან თავმჯდომარეს ირჩევს. იმავე დებულების მიხედვით, საბჭომ რეგულარული შეხვედრები უნდა მოაწყოს საზოგადოებასთან „მათი ინტერესების უკეთ გამოხატვის მიზნით“. თუმცა მოქალაქეთა რომელმა ჯგუფმა იაქტიურა ტელევიზიის პრიორიტეტების განსაზღვრაში, საზოგადოებისთვის უცნობია.
სამეურვეო საბჭოს წევრთა ჩამოთვლას აღარ შვუდგებით. თითქმის ყველა მათგანი ხელისუფლებისადმი ლოიალობის პრინციპით არის შერჩეული.
ფაქტია, საზოგადოებრივი მაუწყებლობის პროექტი საქართველოში ვერ შედგა. გასაკვირი არც არის – დაბალი პოლიტიკური კულტურის მქონე და ავტორიტარულ ქვეყანაში მსგავსი წამოწყება ფიქციაა და სხვა არაფერი. არადა, განვითარებულ, დემოკრეატიულ ქვეყნებში საზოგადოებრივი ტელევიზიის იდეა საკმაოდ აპრობირებულია:
მსოფლიოს ერთ - ერთ ყველაზე წარმატებულ საზოგადოებრივ მედიად ბრიტანული BBC - British Broadcasting Corporation, იაპონური NHK და აშშ-ს ლოკალური ტელევიზიები ითვლება.
BBC-ს რამდენიმე არხს მთავრობა აფინანსებს, მაგრამ მოწოდებული ინფორმაციის სისწორესა და ობიექტურობაში არავის ეპარება ეჭვი; ამას გარდა, ბრიტანული მაუწყებლობა მსოფლიოში ერთერთ საუკეთესო საგანმანათლებლო ტელეპროდუქციას ქმნის.
NHK ბრიტანულ მოდელზეა აწყობილი, ანუ საზოგადოების თანხებით ფინანსდება. მკაცრად იცავენ აპოლიტიკურობას; არ უშვებენ კომერციულ რეკლამას. იაპონური მაუწყებელი ახალი ტექნოლოგიებით არის განთქმული. 1964 წელს, მან პირველმა დანერგა მსოფლიოში მაღალი გარჩევადობის ტელეხედვა - High definition TV
საინტერესოა ჰოლანდიის მაგალითი - აქ საზოგადოებრივი ჯგუფები და ორგანიზაციები თავად ყიდულობენ საეთერო დროს და მათთვის სასურველ გადაცემას უშვებენ.
შეერთებულ შტატებში, სამოციანი წლების ბოლოს საზოგადოებრივი მაუწყებლობის - Public Broadcasting Act მიიღეს, რომელის ძალითაც სპეციალური ინსტიტუტები ჩამოყალიბდა. მათ შორის - Public Broadcasting Service. ეს ინსტიტუტები ტელევიზიებსა და რადიოებს ფლობენ, მაუწყებლობენ რომელიმე კონკრეტული შტატში. სატელევიზიო ბაზარზე მათ პროგრამული ინოვაციები შემოაქვთ, რის უფლებასაც კომერციული ტელევიზიები, საკუთარ თავს ხშირად ვერ აძლევენ. ასეთი მაუწყებლების შემუშავებული და დანერგილი ზოგი პროგრამა არსებობის 50 წელს ითვლის და წარმატებით იყიდება კომერციულ არხებზე.
P.S. არაობიექტორობა რომ არ დაგვაბრალონ, ამ არხზე არის რამდენიმე გადაცემა, რომელიც ნამდვილად შეესატყვისება საზოგადოებრივი მაუწყებლის დეკლარირებულ ღირებულებებს: ესენია გოგი გვახარიას „წითელი ზონა“, გია ბუღაძის „ღამის საუბრები“; პრინციპულობის „გამონათებები“ აქვს ეკა კვესიტაძესაც. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ორი-სამი ნორმალური გადაცემისთვის ყოველწლიურად 55 მილიონი ძალიან მაღალი ფასია.