აღნიშნული ღონისძიება სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის „მცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობის" ფარგლებში აღმოსავლეთ საქართველოში 6 მაისიდან დაიწყო. თავდაპირველად სამანქანო დანადგარებით დამუშავდა მავნებლის გავრცელების კერები კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში.
მავნებლის ძლიერი გავრცელების გამო 23 მაისიდან საჭირო გახდა ავიაციის გამოყენება - შეიწამლა სამანქანო დანადგარებით მიუდგომელი ფართობები, სასოფლო-სამეურნეო კულტურები და საძოვრები.
ამ ეტაპზე აღმოსავლეთ საქართველოში დამუშავებულია 36 000 ჰა ფართობი. კახეთში დამუშავდა 32 475 ჰა, ქვემო ქართლში - 3 525 ჰა. მავნებლის გავრცელების მასშტაბებიდან გამომდინარე, ყველაზე მეტი ფართობი დამუშავდა სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო მაჩხაანში - 6424 ჰა.
სახელმწიფო პროგრამის მიხედვით სამუშაოების ჩატარება დაგეგმილი იყო 26 000 ჰა ფართობზე, თუმცა, მავნებლის ძლიერი გავრცელების გამო დამუშავდება ბევრად მეტი ფართობი.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დღეს მიიღო დამატებით 15 ტონა შესაწამლი პრეპარატი. კახეთში იმყოფებიან ფიტოსანიტარიის დეპარტამენტის წარმომადგენლები, რომლებიც რეგიონული სამმართველოს სპეციალისტებთან ერთად აგრძელებენ ფართობების დამუშავებას იტალიური კალიის გავრცელების ზონებში.
წამლობა გაგრძელდება მავნებლის ბიოლოგიური ციკლის დასრულებამდე.
იტალიური კალია განსაკუთრებით საშიში მავნებელია, რომელიც ანადგურებს სასოფლო-სამეურნეო კულტურებსა და მწვანე ნარგაობას. იგი აღმოსავლეთ საქართველოშია გავრცელებული.