“ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მედიასივრცე გაიხსნა”

“ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მედიასივრცე გაიხსნა”

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე “საერთო გაზეთის” სარედაქციო წერილს - “ია ანთაძე ბიძინა ივანიშვილს დემოკრატიას ასწავლის?!” ეხმაურება და აცხადებს, რომ ივანიშვილმა ხელისუფლების სათავეში მოსვლამდეც და შემდეგაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, რომელმაც სხვადასხვა მიმართულებით დემოკრატიის ხარისხი გააუმჯობესა.

მისივე შეფასებით, ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მედიასივრცე გაიხსნა, რისი ერთ-ერთი ნიშანიც არის ის, რომ დღეს ქვეყანაში სხვადასხვა აზრი თავისუფლად ვრცელდება ნებისმიერ მედიასაშუალებაში. რაც მთავარია, არ დაიწყო შეტევა “რუსთავი 2”-სა და სხვადასხვა არხებზე, რომლებიც მაშინაც და დღესაც არიან “ნაციონალური მოძრაობის” პროპაგანდის გამტარებლები და არავითარი დამოუკიდებლობა არ გააჩნიათ.

“როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში გამოჩნდა, სიტუაცია იყო არაპროგნოზირებადი და მოდით, პირდაპირ ვთქვათ, რევოლუციური. ამ ვითარებაში ის ვერ იქნებოდა დემოკრატიის მებაირახტრე, მას უწევდა, დაპირისპირებოდა ისეთ ავტორიტარულ ძალას, რომ ძალიან დიდი იყო ალბათობა, ეს დაპირისპირება სამოქალაქო ომში გადაზრდილიყო. 2011-2012 წლებში, ხელისუფლებაში მოსვლამდე, ივანიშვილმა პროცესი წაიყვანა ისე, რომ თავიდან იქნა აცილებული დაპირისპირება, ნიადაგი შეამზადა, რათა მშვიდობიანად მომხდარიყო ყველაფერი, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ეს კაცი საკმაოდ ფრთხილად და სწორად ხედავს ყველაფერს. არჩევნების შემდეგაც სიტუაცია იყო სრულიად არაორდინარული. კონსტიტუციით სააკაშვილს შეეძლო, რომ ივანიშვილი უბრალოდ არ დაენიშნა პრემიერ-მინისტრად, მიუხედავად იმისა, რომ “ქართულმა ოცნებამ” მიიღო ხმების უმრავლესობა პარლამენტში. აქ შეიძლება მომხდარიყო ღია დაპირისპირება, მაგრამ როგორც ჩანს, სხვადასხვა მიზების გამო, სააკაშვილი აღარ წავიდა ამ ღია დაპირისპირებაზე, მან აღიარა არჩევნების შედეგები და ივანიშვილი გახდა პრემიერი. ქვეყნის პრემიერად მოსვლის შემდეგ მან გააკეთა რამდენიმე განცხადება, მათ შორის, ისეთი, რომელსაც ქართული საზოგადოება უთვლის მინუსად, მაგალითად, მან არ დაიწყო სამართლიანობის აღდგენის პროცესი უმალვე. მან რამდენჯერმე განაცხადა, რომ აუცილებელია, სამართლიანობის აღდგენა მოხდეს სამართლიანობაზე დაფუძნებით. ივანიშვილის მმართველობის პერიოდში მე პრინციპში, ვერ ვიხსენებ მის ვოლუნტარისტულ გადაწყვეტილებებს. არ ვგულისხმობ საკადრო პოლიტიკას, რადგან როდესაც პრემიერი ნიშნავს მინისტრთა კაბინეტს, რა თქმა უნდა, უნდა შეარჩიო ის, ვინც შენ გინდა და არა სხვების შეხედულების მიხედვით. გარდა ამისა, მან მეორე პროცესიც – საპრეზიდენტო არჩევნებიც გაცილებით მშვიდად ჩაატარა, არანაირი გამოვლინება ვოლუნტარიზმისა, არც აქ მინახავს”, - განაცხადა ძაბირაძემ.

მისივე თქმით, თუ შევხედავთ დინამიკას, ყველაფერი წინგადადგმული ნაბიჯია ყველა მიმართულებით.

“ივანიშვილი იყო მხარდამჭერი თვითმმართველობის შესახებ კანონისა, რომელიც არ ვთვლი, რომ ძალიან კარგია, მაგრამ დაუნახავობა იქნება თქვა, რომ იმასთან, რაც იყო, დემოკრატიის თვალსაზრისით არ არის წინგადადგმული ნაბიჯი. მე არ ვიცი ივანიშვილის თეორიული შეხედულება და ნაშრომები დემოკრატიაზე, მაგრამ რაც მის დროს ხორციელდებოდა და დღესაც ხორციელდება (შეიძლება, ვიდაოთ იმაზე, რომ დემოკრატიის ხარისხი არ მოგვწონს), თუ შევხედავთ დინამიკას, ყველაფერი წინგადადგმული ნაბიჯია ყველა მიმართულებით. მე, პირადად, მერჩია, რომ ივანიშვილმა გადაცემები კი არ აკეთოს, არამედ დარჩენილიყო პოლიტიკაში და გაეგრძელებინა პოლიტიკური მოღვაწეობა. ეს უფრო წაადგებოდა ქვეყანას, ვიდრე მისი გადაცემა, როგორი კარგიც არ უნდა იყოს ის”, - განაცხადა ძაბირაძემ.