პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძე “საერთო გაზეთის” სარედაქციო წერილს - “ია ანთაძე ბიძინა ივანიშვილს დემოკრატიას ასწავლის?!” გამოხმაურებისას აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი უზარმაზარი ძალის პატრონი აღმოჩნდა, ფაქტია, რომ ბევრი რამით უკმაყოფილი იყო, მაგალითად, ჟურნალისტებით, ექსპერტებით და ა.შ, თუმცა არცერთის მიმართ მას ძალა არა გამოუყენებია, მხოლოდ თავისი უკმაყოფილება გამოთქვა და ამის არშემჩნევა უპრიანი არ იქნება.
“მე რომ დემოკრატიის შეფასება გავაკეთო, ე.ი. პრეტენზია უნდა მქონდეს, რომ მე მესმის ის. ისევე როგორც ნებისმიერი დემოკრატიაზე სხვისი შეფასების დროს, საკუთარ თავში დარწმუნებული უნდა იყოს. მე ასეთი დარწმუნებული ვერ ვიქნები, უბრალოდ ამოვალ ლოგიკიდან, რადგან როგორც წესი, ძნელია დემოკრატიის ასეთი რაფინირებული განმარტების პოვნა, რომ თერმომეტრი მიუყენო და თქვა, რამდენია ამა თუ იმ ადამიანში დემოკრატია. ამ ცნების ქვეშ ბევრ რამეს გულისხმობენ და ერთ-ერთი ნიშანი არის ის, რომ ძალადობა გამორიცხულია. ძალა კი არ წყვეტს, არამედ ნება, პოზიცია და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი უზარმაზარი ძალის პატრონი აღმოჩნდა, ფაქტია, რომ ბევრი რამით უკმაყოფილი იყო, მაგალითად, ჟურნალისტებით, ექსპერტებით და ა.შ, თუმცა არცერთის მიმართ მას ძალა რა გამოუყენებია, მხოლოდ თავისი უკმაყოფილება გამოთქვა და ამის არშემჩნევა უპრიანი არ იქნება. ის, რომ უკმაყოფილოა და ეს შეიძლება დემოკრატიის სტანდარტებში არ ჯდება, თუნდაც ის, რომ რატომ არ მოგწონს მედია, რასაც ამბობს - დემოკრატია არ გაიძულებს, რომ ყველაფერი მოგწონდეს და მითუმეტეს მედია. არ მგონია, რომ სწორი იყოს მთლიანად ეს ფორმულა, რომ ივანიშვილს დემოკრატია უნდა ვასწავლოთ. როგორც ჩანს, ის ბუნებითაა ასეთი ტიპი, რომ ძალადობას არ ხმარობს, ანუ დემოკრატიის ეს კომპონენტი იმთავითვე აქვს.
მეორე, ეს არის კანონის დაცვა. მთელმა არჩევნებმა ისე ჩაიარა და ახლაც ვნახეთ, რომ დღევანდელ ხელისუფლებაზე უდავოდ გავლენას ახდენს, მერის არჩევაში ის 5%, რომელზეც გადახტომაც შეიძლებოდა, მან ეს არ მოისურვა, ამ მიმართულებით არ გაუშვა თავისი “აღზრდილები”, ანუ კანონთან პატიოსანი ურთიერთობა აქვს. ესეც დემოკრატიის ნიშანია. არის სამაგიეროდ ისეთი რამ, რომ ასეთი ფარულ ფიგურად ყოფნა და იქედან პროცესების მართვა, შეუგუებლობა განსხვავებულ აზრთან, არ არის დემოკრატიული. კი ბატონო, მაგრამ ეს შეუგუებლობა არ გამოიხატება ძალმომრეობაში. უბრალოდ არ ეგუება განსახვავებულ აზრს და ეკამათება. ეს ხასიათის თვისებაა და არა დემოკრატიულობა-არადემოკრატიულობა, მაშინ ნახევარზე მეტი საქართველო არადემოკარტიულია და ვისთვის გვინდა ეს დემოკრატია. განსახვავებულ აზრს გაცილებით უფრო მძაფრად ჩვენი მოქალაქე არ ეგუება, ზოგი სკამს დაიჭერს და განსახვავებული აზრის პატრონს გამოეკიდება. ამ რეალობაში მე მეჩვენება, რომ ცოტა ზედმეტი რადიკალიზმითაა შეფასებები გაკეთებული, რაც რეალობას არ შეესაბამება და ალბათ, საკუთარი მაგალითით რომ ვიყოთ დემოკრატიულები, სხვისი აზრისა და სხვისი ხასიათის მიმართ ლოიალურები, საქმე უფრო ადვილად წავიდოდა, როგორც კომერციული პერსონა ის შესანიშნავად აზროვნებს. პოლიტიკის მიმართ არაადაპტირებულობას და მეორეს მხრივ, არადემოკრატიულობას, მე მაგალითად, ერთმანეთში არ ავურევდი”, - განაცხადა საყვარელიძემ.