თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში, რომელსაც წელს დაარსებიდან 20 წელი შეუსრულდა, ბაკალავრის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა. უნივერსიტეტის რექტორის, ეკონომიკის მეციერებათა დოქტორის, პროფესორ სოლომონ პავლიაშვილის თქმით, წელს უნივერსიტეტი 180-მა ბაკალავრმა დაამთავრა.
"ამიერიდან, ჩვენს კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ, რომ მაგისტრატურაში სწავლა მშობლიურ უნივერსიტეტშივე გააგრძელონ. სტუდენტებისთვის, რომლებიც ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, სწავლის საფასური 1000 ლარი იქნება", - აცხადებს სოლომონ პავლიაშვილი.
ამასთან, 2014-2015 სასწავლო წლიდან, "თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში" ყველა ბაკალავრისთვის სწავლის გადასახადი 2250 ლარით განისაზღვრება.
"თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის" დამფუძნებლის, დავით ჯანგულაშვილის თქმით, სასწავლებელმა პირველი კურსდამთავრებულები 2000 წელს გამოუშვა და მას შემდეგ, "თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი" 3 ათასზე მეტმა ახალგაზრდამ დაამთავრა, რომელთა 20 პროცენტიც საკუთარი სპეციალობითაა დასაქმებული. "თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის" კურსდამთავრებულები წარმატებით მოღვაწეობენ სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში.
"თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის" 180 სტუდენტმა პროფესორ-მასწავლებლებისთვის საზეიმო მიღება გამართა და სასწავლებლის დამთავრება ტორტითა და შამპანურით აღნიშნა.