სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების დეპარტამენტმა კრიტიკული შეუსაბამობების გამო თბილისში, ქუთაისში, სამტრედიაში, წყალტუბოსა და გურჯაანში რამდენიმე საწარმოსა და რესტორანს საწარმოო პროცესი შეუჩერა.
შემოწმდა ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე მდებარე "ფუდმარტი" და ნიკეას ქუჩაზე - ხორცის სარეალიზაციო ობიექტი შპს "უხვი", წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. ქვილიშორში - შპს "ქალაქური 2013"-ის კუთვნილი რესტორანი, სამტრედიაში, თამარ მეფის ქუჩაზე - ნაყინის საწარმო შპს "მყინვარი", გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში - ი/მ "ბერდია ქიტუაშვილის" ნახევარფაბრიკატების საწარმო და თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე - შპს "ჯაზას" პურის ქარხანა.
აღნიშნულ საწარმოებში გამოვლინდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები: ტექნოლოგიური პროცესის ნაკადურობის, სანიტარიული ნორმებისა და ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა; ბიზნესოპერატორებმა ვერ წარმოადგინეს პროდუქციის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების დადგენილ ნორმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი კვლევის ოქმები; შენობები არ იყო დაცული მღრღნელებისა და მწერებისაგან.
აღნიშნული დარღვევების გამო ბიზნესოპერატორებს - ს.ს "ფუდმარტს", შპს "უხვს", შპს "ქალაქური 2013"-ს, ი/მ "ბერდია ქიტუაშვილსა" და შპს "ჯაზას" კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ საწარმოო პროცესი და ბიზნესოპერატორები 1000-1000 ლარით დაჯარიმდნენ.