13 ივლისს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ შემაჯამებელი საინფორმაციო ბრიფინგი გამართა. მან მედიას თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინასწარი საბოლოო შედეგები გააცნო.
წინასწარი შედეგები დეტალურად იხილეთ ვებ-გვერდზე - results.cec.gov.ge
„თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღის დასრულების შემდეგ, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ ჩაატარა საქართველოს არჩევნების ისტორიაში ყველაზე კომპლექსური და საორგანიზაციო თვალსაზრისით ყველაზე რთული არჩევნები. საარჩევნო ადმინისტრაციამ ყველა დონეზე, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში დაუღალავად იმუშავა იმისთვის რომ მოქალაქეებს თავისუფლად განეხორციელებინათ საკუთარი საარჩევნო უფლება და გაეკეთებინათ ინფორმირებული არჩევანი. კენჭისყრის დღემ როგორც არჩევნების პირველ ტურში, ისე მეორე ტურში, ჩაირა მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე. საარჩევნო ადმინისტრაცია გაანალიზებს საარჩევნო პროცესის ყველა ეტაპს, საფუძვლიანად შეისწავლის ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეკომენდაციებს, რათა ერთობლივად კიდევ უფრო გავაუმჯებესოთ საარჩევნო პროცესი ჩვენს ქვეყანაში.
მინდა პირველ რიგში მადლობა გადავუხადო საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელს მათ მიერ გაწეული საქმიანობისთვის და მივულოცო არჩევნების წარმატებით ჩატარება.
ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის თითოეულ ამომრჩეველს და არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, რადგანაც ისინი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ არჩევნებში მონაწილეობას და საკუთარი წვლილი შეიტანეს 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების პირველი და მეორე ტურის კარგად წარმართვის პროცესში“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.