დღეს, ოზურგეთში მერის არჩევნების მეორე ტური იმართება , რომელშიც მონაწილეობას ორი კანდიდატი იღებს _ კოალიცია "ქართული ოცნებიდან" ბეგი სიორიძე და "პატრიოტთა ალიანსიდან" შოთა გოგიბერიძე.
კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" ოზურგეთში განვითარებულ მოვლენებზე ბრიფინგი მოაწყო და სპეციალური განცხადება გაავრცელა:
"დღეს დილიდან შოთა გოგიბერიძის შტაბი ავრცელებს განცხადებას იმის შესახებ, თითქოს უბნებზე ექსცესებს აქვს ადგილი. თავად კანდიდატი ავრცელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს მოწინააღმდეგე კანდიდატის მომხრეების მიმართ და შეურაცხყოფას აყენებს ამომრჩეველს.
ამომრჩევლის აქტივობას წრეგადასულს“ უწოდებს; ცრუობს, რომ უბნებთან ამომრჩეველი მიყავთ ავტობუსებით და მიკროავტობუსებით და ამ სიცრუეს საკუთარი თვალით ხედავს ოზურგეთელი ამომრჩეველი; ქართული ოცნების კანდიდატს აბრალებს, რომ იძულებით და დაშინებით მიყავთ ამომრჩევლები უბანზე; უდიერად ახსენებს პატიმართა ოჯახებს და ადამიანებს, რომლებსაც გარკვეული პრობლემები გააჩნიათ;
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის სიცრუე და არც შოთა გოგიბერიძეს და არც მის შტაბს უსაფუძვლო ბრალდებების არცერთი მტკიცებულება არ გააჩნია და არ წარმოუდგენია.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე უარყო გოგიბერიძის შტაბის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ექსცესების შესახებ ამასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადებაც გაავრცელა.
საინფორმაციო საშუალებამ (გურიის მოამბე) გაავრცელა ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე გადაღებული კადრები, სადაც შოთა გოგიბერიძის შტაბის წევრი, სოსო ერქომაიშვილი, რომელიც აცხადებდა, თითქოს მას შეურაცხყოფა მიაყენეს, თავად აწყობს პროვოკაციას და შეურაცხყოფას აყენებს არჩევნებზე მისულ მოქალაქეებს და თავად მერობის კანდიდატს. ამას მოწმობს "გურია ნიუსში" გამოქვეყნებული ინტერვიუც, სადაც სოსო ერქომაიშვილი აცხადებს, რომ მასზე ზეწოლის არანაირი კონკრეტული ფაქტი, რომლითაც მისი ცილისწამება დადასტურდება, არ არსებობს. მას "მოწმეებად" მხოლოდ თავისი შტაბის წევრები მოჰყავს და მისი ერთადერთი "არგუმენტი" მხოლოდ ის არის, რომ აღნიშნულ უბანზე იმყოფებოდა ბეგი სიორიძის მანქანა.
არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ და დემოკრატიულ ვითარებაში. ჯერჯერობით არანაირ ექსცესს ადგილი არ ჰქონია, თუ არ ჩავთვლით გოგიბერიძის შტაბის წევრების მცდელობას, პროვოკაციით გამოიწვიონ რომელიმე უბანზე არეულობა, რასაც ოზურგეთელი ამომრჩეველი სიმშვიდით ხვდება.
შოთა გოგიბერიძე ცდილობს გააყალბოს რეალური სურათი და საკუთარი განცხადებებით შეურაცხყოფას აყენებს ამომრჩეველს. ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, რომლის არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია.
ვაცხადებთ, რომ მსგავსი ქმედებები მერობის კანდიდატის მხრიდან არის ფარული ზეწოლა ამომრჩეველზე და ცრუ სურათის შექმნა, თითქოს არჩევნები არადემოკრატიულ ვითარებაში მიმდინარეობს. " _ ნათქვამია განცახდებაში.