გიორგი მუსხელიშვილი წყალსადენის ქსელებზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

გიორგი მუსხელიშვილი წყალსადენის ქსელებზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

დაბა წყნეთის მოსახლეობა, 2015 წლიდან, სასმელ წყალს 24-საათიან რეჟიმში მიიღებს, უახლოეს მომავალში კი წყნეთში, ტაბიძის ქუჩის მაცხოვრებლებისთვის წყალმომარაგება გაცილებით სტაბილური გახდება. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყნეთში, ტაბიძის ქუჩაზე, ისევე როგორც თბილისის სახვადასხვა უბანში, წყალსადენის მოძველებულ კომუნიკაციებს ახლით ცვლის, ასევე, მთლიანად წყნეთის მოსახლეობის 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის კომპლექსურ ტექნიკურ სამუშაოებს ატარებს. 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურმა დირექტორმა - გიორგი გაჩეჩილაძემ წყნეთში, ტაბიძის ქუჩაზე ქსელების განახლების პროცესი და სასმელი წყლით წყნეთის 24-საათიან რეჟიმში უზრუნველსაყოფად მიმდინარე სამუშაოები, დღეს,  თბილისის  ახალი მოწვევის საკრებულოს ვაკის მაჟორიტარ დეპუტატს - გიორგი მუსხელიშვილს გააცნო.

მიმდინარე წლის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მოძველებულ და ამორტიზებულ მიწისქვეშა კომუნიკაციებს თბილისის 70 ქუჩაზე მთლიანად ახლით ცვლის. პროგრამაში შესულია წყნეთის რამდენიმე უბანი, მათ შორის ტაბიძის ქუჩაც, სადაც წყალსადენის ხანდაზმული ქსელების ნაწილი უკვე განახლებულია. საერთო ჯამში, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ტაბიძის ქუჩაზე  ახლით შეცვლის 970 მეტრი სიგრძის წყალსადენის სხვადასხვა დიამეტრის  მილებს. კომპანია ქუჩაზე ასევე დაამონტაჟებს ახალ ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს და მოაწყობს 2 ახალ საკვანძო ჭას. დღეისთვის, წყნეთში წყალსადენისა და საკანალიზაციო ძველი ქსელები შეცვლილია თამარ მეფის, სააკაძის, თბილისის, არსენას და კოსტავას ქუჩებზე, სადაც  განახლებული ქსელების საერთო სიგრძემ 4 400 მეტრი შეადგინა.    

პარალელურად, თბილისის ახალ ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული დასახლებების 24-საათიანი წყალმომარაგების პროგრამის ფარგლებში, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყნეთში, ისევე როგორც სხვა ახლადშემოერთებულ დასახლებებში, კომპლექსურ სამუშაოებს ატარებს - გაჰყავს წყალსადენის ახალი მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები, რომელთა საერთო სიგრძე 25 000 მეტრია. ასევე, დაგეგმილია წყლის 3 რეზერვუარის რეაბილიტაცია და სატუმბო სადგურის მშენებლობა. წყნეთის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. 

თბილისის ახალ ადმინისტრაციულ საზღვრებში 24-საათიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფის პროექტს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 2014  წლის ბოლოს დაასრულებს, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე დედაქალაქის ახლადშემოერთებულ ტერიტორიებსაც სასმელი წყალი არა გრაფიკით, არამედ 24-საათიან რეჟიმში ექნება.