საინფორმაციო ბრიფინგი ცესკოში

საინფორმაციო ბრიფინგი ცესკოში

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას დღეს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შესახებ წარუდგინა ინფორმაცია. 12 ივლისს არჩევნები 8 თვითმმართველ ქალაქსა და 13 მუნიციპალიტეტში გაიმართება. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 28 საარჩევნო ოლქში სულ  1,715,514-ია.

12 ივლისის არჩევნებისთვის უკვე დაიწყო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი; სულ  1,605,000 ბიულეტენი დაიბეჭდება, მათ შორის - 1,191,450 მერის და 413,550 გამგებლის (აქედან 5, 050 აზრებაიჯანულ ენაზე) ასარჩევი ბიულეტენები.

ასევე იწყება ამომრჩეველთა ბარათების დარიგების პროცესი, სადაც აღნიშნულია თუ რომელ საარჩევნო უბანს უნდა მიაკითხონ ამომრჩევლებმა ხმის მისაცემად. იმ შემთხვევაში თუ ამომრჩევლებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან სხვა მიზეზით არ შეუძლიათ საარჩევნო უბანზე მისვლა, უნდა დაუკავშირდნენ შესაბამის უბანს 9 ივლისის 18:00 საათის ჩათვლით. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ამომრჩევლებს ასევე შეუძლიათ დაუკავშირდნენ ცესკოს კონტაქტ-ცენტრის ნომერზე - 2 51 00 51.

როგორც ცესკოს სპიკერმა ეკატერინე აზარაშვილმა დღეს გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა 15 ივნისის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციებს შეუძლიათ მონიტორინგი გაუწიონ არჩევნების მეორე ტურებს. დამკვირვებლების ან ჟურნალისტების დამატებითი სიების წარდგენის შემთხვევაში, სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა შესაბამის საარჩევნო კომისიებს 7 ივლისის ჩათვლით უნდა მიმართონ, ხოლო მედია ორგანიზაციებმა - 9 ივლისის ჩათვლით.