„უგულავა სხვა მსჯავრდებულებზე უპირატეს მდგომარეობაში არ უნდა ჩავაყენოთ“

„უგულავა სხვა მსჯავრდებულებზე უპირატეს მდგომარეობაში არ უნდა ჩავაყენოთ“

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე გიგი უგულავასთავის სასამართლოს მიერ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება. კობახიძე მიიჩნევს, რომ მოსამართლემ ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო.

„სასამართლომ იმსჯელა პროკურატურის შუამდგომლობაზე, დასაბუთებულობასა და მტკიცებულებებზე და ყველაფერზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება, რომ არსებობდა საფუძველი წინასწარი პატიმრობისთვის. ჩვენ არ უნდა ჩავერიოთ სასამართლოს საქმიანობაში. დარწმუნებული ვარ, მოსამართლემ ობიექტური, დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღო, რაც მისასალმებელია. პირმა, რომელსაც ბრალად ედებოდა მილიონობით ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების მითვისება-გაფლანგვა და გათავისუფლებული იყო გირაოს საფუძველზე, ამ ხნის განმავლობაში გააგრძელა ის საქმიანობა, რაც სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადია. ვგულისხმობ ფულის გათეთრებას, თანხების უკანონო ბრუნვას. როგორც ჩანს, იგი თანამონაწილე იყო ქვისლთან ერთად ამ დანაშაულში, რასაც არაერთი მტკიცებულება ადასტურებს, მათ შორის ოპერატიული მასალა თუ მოწმეების ჩვენებები“,- აცხადებს მანანა კობახიძე.

ვიცე-სპიკერიც განმარტებით, გიგი უგულავას ნინართ კითხვები არსებობს საარჩევნო პერიოდში მარნეულის საოლქო კომისიის თავმჯდომარეზე ნხორცილებულ აშკარა ზეწოლასთან დაკავშირებითაც და არსებობდა ეჭვი, რომ საგამოძიებო მოქმედებები გაერთულებინა.

„მსუბუქი აღკვეთის ღონისძიება არ აღმოჩნდა საკმარისი მისთვის და გააგრძელა იგივე საქმიანობა. ამას დაემატა ისიც, რომ ძალიან საეჭვოდ არაერთხელ გადაცვალა ბილეთები. პროკურატურას ჰქონდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ როგორც მისი არაერთი თანაგუნდელი, თავადაც აპირებდა დარჩენას უცხოეთში, რაც გაართულებდა საგამოძიებო მოქმედებებს. როგორც ჩანს, უგულავას გირაოს ქვეშ ასეთი ქმედებების გაგრძელება გაუმარტივდა და სამართლებრივად სრულიად სწორი და დასაბუთებულია სასამართლოს გადაწყვეტილება“,- აცხადებს კობახიძე და აღნიშნავს, რომ უგულავასთავის პატიმრობის შეფარდება არც პოლიტიკური დევნაა და არც მორატორიუმის დარღვევა.

„გიგი უგულავა არ უნდა ჩავაყენოთ უპირატეს მდგომარეობაში იმ მსჯავრდებულებთან შედარებით, რომლებიც ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის არიან მსჯავრდებული. ზუსტად ის, რომ იგი „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის თავმჯდომარეა და ყოფილი მერი, როგორც ჩანს, თვითდაჯერებულობას აძლევდა, რომ შეეძლო, დანაშაული ჩაედინა და შემდეგ თითსაც არ დააკარებდნენ, რადგან პოლიტიკაშია, რაც სწორი არ არის. წლების განმავლობაში არსებობდა კითხვები უგულავას მიმართ და საზოგადოებას მუდამ ჰქონდა მოთხოვნა, რომ მას საკუთარ ქმედებებზე, მათ შორის საეჭვო ტენდერებსა და ქონების გასხვისებაზე, პასუხი გაეცა“,- განმარტავს ვიცე-სპიკერი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა 4 ივლისს შეუფარდა. თბილისის ყოფილ მერს ბრალი უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასთან და მარნეულის ეპიზოდთან დაკავშირებით წარედგინა. პროკურატურის ინფორმაციით, უგულავას ასევე წარედგინა ბრალდება გიორგი ღონიაშვილთან და სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების ორგანიზებისთვის.