სააგენტომ ნახევარფაბრიკატების მწარმოებელ საწარმოს პროცესი შეუჩერა

სააგენტომ ნახევარფაბრიკატების მწარმოებელ საწარმოს პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გორის ნახევარფაბრიკატების მწარმოებელ საწარმოს კრიტიკული შეუსაბამობის გამო საწარმოო პროცესი შეუჩერა და კანონმდებლობის შესაბამისად 1000 ლარით დააჯარიმა.  გარდა ამისა, "გაამოს"  ძეხვეულის საამქროს ხორცის მოსამწიფებელ მაცივარში დაუდგენელი წარმომავლობის საქონლის გულ-ღვიძლი აღმოჩნდა, რომელსაც შესაბამისი დოკუმენტი - ფორმა 2 არ ახლდა, რის გამოც ბიზნესოპერატორი დამატებით 1000 ლარით დაჯარიმდა.

არაგეგმური ინსპექტირების შედეგად აღმოჩნდა, რომ ქ. გორში, მელიქიშვილის #27-ში მდებარე ნახევარფაბრიკატების საწარმოში დაცული არ არის ჰიგიენის ზოგადი წესით დადგენილი მოთხოვნები. ასევე, კამერა-მაცივარში გაყინული თევზის შენახვა არ ხდება ტემპერატურული რეჟიმის დაცვით; მაცივარში, სადაც ხორცი ინახება, ხდება კონდენსატის დაგროვება. ეს არის იმ კრიტიკული შეუსაბამობების ჩამონათვალი, რიც გამოც "გაამოს" შეუჩერდა ფარშისა და შებოლოლი თევზის წარმოება.

ინსპექტირებისას აღმოჩნდა ასევე არაკრიტიკული შეუსაბამობები: საწარმოს არ გააჩნია ფქვილის შესანახი იზოლირებული ფართი; ხინკლის საამქროში არ არის ცხელი წყალი; ხინკლის, პელმენის და თევზის შესაბოლი საამქროს კედლები არ არის ადვილად რეცხვადი/დეზინფიცირებადი; ჭერში ხდება ჭუჭყის დაგროვება; არ არის დაცული გატარებული ხორცის შენახვის ვადები; ბიზნესოპერატორმა ვერ წარმოადგინა პროდუქციის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლის დადგენილ ნორმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი კვლევის ოქმი; გარდა ამისა,  პერსონალი არ იყენებდა დამცავ ტანისამოსს და მათ არ ჰქონდათ გავლილი სურსათის ჰიგიენის საკითხებზე ინსტრუქტაჟი.

კანონმდებლობის შესაბამისად ამ კრიტიკული და არაკრიტიკულ შეუსაბამობების გამოსასწორებლად მეწარმეს დაუწესდა გონივრული ვადა. ხოლო საეჭვო წარმომავლობის ხორცი დაილუქა და წესების დაცვით განადგურდება.