პრობაციის სისტემაში განხორციელებული რეფორმების და გამოცდილების გაცნობის მიზნით, საქართველოს სასწავლო ვიზიტით სომხეთის სამთავრობო დელეგაცია ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები შეხვდნენ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველ მოადგილეს გრიგოლ გიორგაძეს და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსს გიორგი არსოშვილს. შეხვედრაზე სტუმრებს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების სფეროში განხორციელებული საკანონმდებლო და სტრუქტურული სიახლეები გააცნეს.
დელეგაცია თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებას ესტუმრა, სადაც თავისუფლებაშეზღუდულ პირთა რეჟიმსა და მათ საყოფაცხოვრებო პირობებს, ასევე, დასაქმების, პროფესიული გადამზადების, განათლებისა და ფსიქო-სარეაბილიტაციო პროგრამების სპეციფიკას გაეცნო.
სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის სამთავრობო დელეგაციის წევრებმა შიდა ქართლის პრობაციის ბიუროც მოინახულეს და ადგილზე მიიღეს ინფორმაცია, პირობით მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის მიზნით, რეგიონში მიმდინარე სარეაბილიტაციო პროგრამების შესახებ.
სომხეთის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმის" (PRI) მიერ მხარდაჭერილი პროექტის – „პატიმრობის ალტერნატიული ღონისძიებების გამოყენების გაზრდის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში" – ფარგლებში მოეწყო.