სააგენტომ მავნე სურსათი გამოვლინა

სააგენტომ მავნე სურსათი გამოვლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შპს „რუსსკოე მორეს" მიერ წარმოებულ წითელ ხიზილალაში მიკრობიოლოგიური დარღვევა აღმოაჩინა. მავნე სურსათის ბაზარზე განთავსებისათვის პროდუქტის იმპორტიორი/დისტრიბუტორი შპს „კანტი" დაჯარიმდა 1000 ლარით და კანონმდებლობის შესაბამისად სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა და განადგურება დაევალა.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნული ფაქტის შესწავლა მოქალაქის შეტყობინების საფუძველზე დაიწყო, რომელიც აღნიშნავდა, რომ ხიზილალას ნავთობპროდუქტების დამახასიათებელი გემო ჰქონდა. ნიმუშის ლაბორატორიულმა კვლევამ აჩვენა, „რუსსკოე მორეს" მიერ (დამზადების თარიღი 26.08.2013, ვარგისიანობის ვადა - 20.08.2014) წარმოებული წითელი ხიზილალა მიკრობიოლოგიურად დაბინძურებულია და არ შეესაბამება ნორმატიულ მოთხოვნებს, კერძოდ: 1,0 გრ პროდუქტში აღმოჩნდა კოლიფორმები, St. Aureus და სულფიტმარედუცირებელი კლოსტრიდიები, ასევე, მეზოფილური აერობები და ფაკულტატური ანაერობები 2,5 x 104 კწე/გ და საფუარის სოკოები 60 კწე/გ.