21 წელი ტამიშის ბრძოლიდან

21 წელი ტამიშის ბრძოლიდან

1993 წლის 2 ივლისს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტამიშთან აფხაზეთის ომის ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე სისხლისმღვრელი ბრძოლა გაიმართა. ამ დღეს დილიდან ტამიშის ყურეში  რუსეთის რეგულარული არმიის სპეცდანიშნულების ქვედანაყოფებმა, რომელთა რიგებშიც იყვნენ აფხაზებიც და ჩრდილოკავკასიელ კონფედერატთა ბოევიკებიც, მოახდინეს ზღვიდან ტამიშის ყურეში დესანტირება.  რუსეთის შეიარაღებული ძალების იმდროინდელ გენერალურ შტაბში დაგეგმილი ამ ოპერაციის ამოცანა იყო ტამიში– ლაბრა –მაიმუნების საშენის  მიმართულებით შეტევის განხორციელება და  ანუარხუს სიმაღლის დაკავება, რათა სოხუმის ფრონტისთვის მომარაგების საკომუნიკაციო ხაზი მოეჭრათ, ხოლო შემდეგ სოხუმზე გენერალური შეტევის მხარდაჭერის უზრუნველყოფა გაეკეთებინათ.

ეს ბრძოლა სამუდამოდ დარჩება საქართველოს უახლესი ისტორიის ფურცლებზე, როგორც ქართული საბრძოლო სულის გაბრწყინება. უამრავი ქართველი შეეწირა ამ ბრძოლას, მაგრამ მტერს არ მისცა საშუალება დაგეგმილი ოპერაცია განეხორციელებინა და მიზნისთვის მიეღწია. ამ დღეს ყოველწლიურად აღნიშნავს ომის ყველა ვეტერანი და სრულიად საქართველოს საზოგადოება.

ამ ბრძოლიდან  ყოველ წელს, 2 ივლის,ს დილით 9 საათზე, შავნაბადას წმინდა გიორგის სახელობის მონასტერში აღევლინება  ბრძოლაში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი, ხოლო დღის 12 საათზე კი საზოგადოება შეიკრიბება გმირთა მოედანზე დიდების მემორიალთან, რათ კიდევ ერთხელ გაიხსენოს ეს დღე და  მიაგოს პატივი  დაღუპულთა ხსოვნას.