სააგენტომ თაფლის მწარმოებლებთან მორიგი შეხვედრა გამართა

სააგენტომ თაფლის მწარმოებლებთან მორიგი შეხვედრა გამართა

სურსათის ეროვნულმა  სააგენტომ მეფუტკრეებთან და თაფლის მწარმოებლებთან მორიგი შეხვედრა გამართა.  ამჯერად  მეწარმეებს "მრგვალი მაგიდის" ფორმატში ევროკავშირის მოთხოვნები და საერთაშორისო სტანდარტები გააცნეს.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებმა - ოთარ დანელიამ და იური ნოზაძემ,  სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა, მეფუტკრეობის დარგში ჩართულმა ასოციაციებმა და ფერმერებმა, ასევე ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესწარმომადგენლობამ (EUGBC).

შეხვედრის მიზანი მოქმედი საკანონმდებლო სიახლეების გაცნობა, მეფუტკრეობის პროდუქციის ექსპორტის გაზრდა, მეფუტკრეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აღდგენა და ფუნქციონირება იყო.  მეფუტკრეები და ევროკავშირის ბაზარზე ქართული თაფლის ექსპორტით დაინტერესებული პირები, გარდა იმისა, რომ საქართველოში არსებულ კანონმდებლობას გაეცვნენ, მოისმინეს ევროკავშირის უვნებლობისა და ხარისხობრივი მოთხოვნები და საერთაშორისო სტანდარტები. მიმოიხილეს თაფლის ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტისთვის აუცილებელი პირობები.

მეფუტკრეებს ასევე გააცნეს  თაფლის წარმოების სრული ჯაჭვის კონტროლის წესები, ეტიკეტირების მოთხოვნები, ჰიგიენის ნორმები და თაფლის ხარისხობრივი მოთხოვნები, ასევე ისაუბრეს ფუტკრის დაავადებეზე, ვეტერინარული პრეპარატების დანიშნულებისამებრ გამოყენებაზე, ვინაიდან, ევროკავშირის ბაზრის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვეტერინარული პრეპარატების ნორმირებული გამოყენება და რეგლამენტების დაცვაა.

აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქართული წარმოების თაფლის ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტისთვის საკმაოდ მოცულობითი სამუშაოები გასწია. მეფუტკრეებთან  "მრგვალი მაგიდის" ფორმატში შეხვედრა მომავალშიც გაგრძელდება. მსგავსი ღონისძიებები უკვე გაიმართა თბილისსა და ქუთაისში.  ამჯერად სააგენტო გეგმავს მეფუტკრეთა და თაფლის მწარმოებელთა აღრიცხვა-პასპორტიზაციას, რაც მონაცემთა ბაზის შექმნასა და არსებული სიტუაციის გაუმჯობესების საშუალებას იძლევა.