პატიმრებს ამიერიდან კიდევ ერთი - სამოქალაქო ჯანდაცვის სტანდარტების შესაბამისი საავადმყოფო მოემსახურება. სასჯელაღსრულების ცენტრალური საავადმყოფო დღეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, სოზარ სუბარმა და მინისტრის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ გახსნეს. პრეზენტაციას აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პენიტენციური ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში შეიცვალა საავადმყოფოს კონცეფცია, სრულად გარემონტდა და აღიჭურვა თამანედროვე სამედიცინო აპარატურით, სამედიცინო პერსონალი დაკომპლექტდა 3-ეტაპიანი შერჩევის შედეგად, ხოლო ექთნებმა გაიარეს პროფესიული მომზადების სპეციალური პროგრამა.
საავადმყოფო 80 საწოლზეა გაშლილი, აქვს დიაგნოსტიკური ბლოკი, ადიქტოლოგიის და ფსიქიატრიული განყოფილებები, მიმღები განყოფილება პაციენტის 24 საათიანი დაყოვნების შესაძლებლობით, რეანიმაციის და ინტენსიური თერაპიის დარბაზები, ასევე ორი დამოუკიდებელი ბლოკი ქირურგიული ჩარევებისთვის.
საავადმყოფოში დამატებით განთავსებულია 57-ადგილიანი ადაპტირებული საცხოვრისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, ხანგრძლივი მოვლის სერვისებით. შენობაში შეძლებისდაგვარად ყველგან გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებები - ამ მიზნით ხანმოკლე პაემნების ოთახში გაიმართა პანდუსი, ადაპტირებულია საპირფარეშოები და საშხაპე, ასევე მომზადებულია სპეციალური პალატები, სადაც ავეჯი და ინფრასტრუქტურა გათვლილია შშმპ-თა საჭიროებებზე.
საავადმყოფოს განახლებამდე არსებული ვიწრო და მოუხერხებელი საწოლები შეცვალა სხვადასხვა ტიპის სამედიცინო საწოლებმა ორთოპედიული ლეიბებით. მათ შორისაა ელექტრონული, მულტიფუნქციური საწოლებიც, რომელიც პულტის საშუალებით იმართება.
პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დაკვირვების მიზნით, განახლებულსამედიცინო დაწესებულებას დაემატა ობსერვაციის 3 დარბაზი, პაციენტის დაყოვნების 2 ოთახი,ასევე სარეაბილიტაციო კაბინეტი, სადაც განთავსდება სპეციალური ტრენაჟორები, ფიზიოთერაპიის აპარატი და იმუშავებენ რეაბილიტოლოგები.
ლაბორატორიული კვლევების სრულყოფის მიზნით გაფართოვდა და აღიჭურვა კლინიკური ლაბორატორია. საავადმყოფოში ფუნქციონირებს ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიაც.
დიაგნოსტიკურ ბლოკს დაემატა რენტგენის, ექოსკოპიის, ელასტოგრაფიის, ენდოსკოპიის და სპირომეტრიის მოწყობილობები. აღსანიშნავია, რომ ელასტოგრაფიისთვის განკუთვნილი აპარატი, რომელიც ღვიძლის კვლევისთვის გამოიყენება, საქართველოში სულ რამდენიმეა და ერთ-ერთი მათგანი სწორედ აღნიშნულ საავადმყოფოშია განთავსებული. ევროკავშირის და ევროსაბჭოს დახმარებით, დაწესებულებას მალე დაემატება კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატიც.
ინფექციურ განყოფილებაში დამონტაჟდა ჰაერის გამწოვი ბიოფილტრები, რომელიც უზრუნველყოფს ინფექციების გავრცელების შეზღუდვას. მთელ დაწესებულებაში გაიმართა ცენტრალური ვენტილაცია და კლიმატ-კონტროლის სისტემა.
განახლდა სტომატოლოგიური კაბინეტი, სადაც სტომატოლოგიური აპარატურის გარდა, განთავსებულია რენტგენის და სასტერილიზაციო აპარატურა.
ყველა სართულზე განთავსდა სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ოთახები, რაც საავადმყოფოს ინფრასტრუქტურაში აქამდე არ იყო გათვალისწინებული.
შეიცვალა ფანჯრები, რაც უზრუნველყოფს ჰერმეტულობის უკეთ დაცვას, ბუნებრივ განათებას და განიავებას.
სრულად განახლდა ქირურგიული განყოფილება, სადაც არამარტო სტანდარტული ქირურგიული ინტერვენციები, არამედ ლაპარასკოპიული ოპერაციებიც გაკეთდება.