ოზურგეთის მერობის ოპოზიციონერმა კანდიდატმა თანამდებობები წინასწარ ჩამოარიგა

ოზურგეთის მერობის ოპოზიციონერმა კანდიდატმა თანამდებობები წინასწარ ჩამოარიგა

ოზურგეთში, მერობის კანდიდატები მეორე ტურისთვის ემზადებიან.  კოალიცია "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი ბეგლარ სიორიძეა, რომელმაც ხმების უმრავლესობა აიღო. მას ოპონირებას "პატრიოტთა ალიანსის" წევრი, შოთა გოგიბერიძე გაუწევს. ეს უკანასკნელი დავით თარხან მოურავის პარტიაში თვითმმართველობის არჩევნებამდე სულ ცოტა ხნით ადრე "ფორუმიდან" გადავიდა. მისი ამ გადაწყვეტილების მიზეზი ის გახლდათ, რომ კოალიციამ "ქართულმა ოცნებამ" ის არ დაასახელა მერობის კანდიდატად.

რამდენიმე დღის წინ, შოთა გოგიბერიძემ ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიების სხვა კანდიდატები მას დაუჭერდნენ მხარს მეორე ტურში.

გოგიბერიძემ  ბრიფინგის შემდეგ ადგილობრივ მედიასაშუალებასთან  ("გურიის მოამბე) განაცხადა, რომ ის დანარჩენ მერობის კანდიდატებთან, უკვე შეთანხმდა, გამარჯვების შემთხვევაში ერთობლივ მუშაობაზე. თუმცა მან თავი შეიკავა დაეკონკრეტებინა, რომელი ყოფილი კანდიდატი, რა პოსტს დაიკავებდა.

"რა თქმა უნდა, ამაზე არის ნაფიქრი და იყო საუბარი, ჩემს გუნდში იქნებიან ისინი, ვინც მხარს მიჭერენ. თუმცა ვინ რა კონკრეტულ პოსტს დაიკავებს, ამაზე ჯერ ვერ გავაჟღერებთ ინფორმაციას".- განაცხადა მან.

მესამე ადგილზე გასული კანდიდატი,  პარტია "სალომე ზურაბიშვილი საქართველოს გზიდან"  ვანო ტაბატაძე, რომელიც შოთა გოგიბერიძესთან გაერთიანდა,  უკვე ორ სავარაუდო თანამდებობას ასახელებს. 

"შესაძლოა, ვიყო ვიცე მერი, შესაძლოა აპარატის უფროსი" - განაცხადა მან.

შოთა გოგიბერიძის ამ განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატს ბეგლარ სიორიძეს:

"სხვების განცხადებებზე მე კომენტარს ნამდვილად ვერ გავაკეთებ, თუმცა ერთი რამ შემიძლია გითხრათ, მე არავის დავპირდები და ვერ დავპირდები თანამდებობებს ორი მიზეზის გამო. პირველ გახლავთ ის, რომ ნამდვილად არ მინდა მსგავსი თემით სპეკულაცია დავიწყო და ამომრჩეველი მოვატყუო, სულერთია, ჩემი იქნება თუ სხვისი. მეორე უმნიშვნელოვანესი მიზეზი კი ის გახლავთ, რომ არსებობს "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონი, სადაც ნათლადაა ნათქვამი, რომ კადრები უნდა დაინიშნოს კონკურსის წესით. მე ძალიან მკაცრად დავიცავ ამ პირობას, რადგან ჩემდამი პირადი სიმპათია-ანტიპათიის  გამო კანონის დარღვევას არ ვაპირებ. ესეც რომ არ იყოს, პიროვნულადაც მიმაჩნია, რომ ნებისმიერ თანამდებობაზე უნდა დაინიშნოს პროფესიონალი, რომელიც ოზურგეთს არაერთი ჰყავს. თანამშრომლობას კი ვაპირებ კოლიციურ რეჟიმში, ნებისმიერი პარტიის წარმომადგენელთან, ასევე განურჩევლად იმისა, მე მომცემს ხმას თუ სხვას. ეს არის უმნიშვნელოვანესი თვისება მენეჯერისა, რომელზედაც დამოკიდებულია მერიის და საერთოდ ნებისმიერი უწყების ეფექტური მუშაობა.

რამდენად რეალურია მსგავსი სახის დაპირება, ამასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატების" თანადამფუძნებელსა და ხელმძღვანელს. არჩილ კაიკაციშვილს, რომელმაც განაცხადა:

"ასეთი განცხადება სამართლებრივ შესაძლებლობებს მოკლებულია და უნდა ვიგულისხმოთ, რომ კანდიდატის მხრიდან ადგილი ჰქონდა პოლიტიკურ განცხადებას. 2014 წლის 5 თებერვალს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შევიდა, რომელიც წარმოადგენს თვითმმართველობის რეფორმის განუყოფელ ნაწილს, ვინაიდან წარმოდგენილი ცვლილებები განხორციელებულ იქნა ამ მიზნით ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში. ცვლილების მიხედვით, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა მოხელე, მათ შორის კონკურსის წესით დანიშნულიც, ჩაითვლება დროებით მოვალეობის შემსრულებლად, ხოლო გამოთავისუფლებულ ადგილზე ცხადდება კონკურსი.

შესაბამისად, არჩევნების, თუნდაც მეორე ტურის შედეგად არჩეული მერი, კანონში შესული და მოქმედი ცვლილებების გათვალისწინებით, ვერცერთ მოქალაქეს, გნებავთ პოლიტიკურ კონკურენტს ვერ შეუსრულებს ვერც ერთ დანაპირებს, რომელიც დასაქმების გარანტიებს ეხება. როგორც გითხარით, ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა მოხელე, მათ შორის კონკურსის წესით დანიშნულიც, ჩაითვლება დროებით მოვალეობის შემსრულებლად, ხოლო გამოთავისუფლებულ ადგილზე ცხადდება კონკურსი. სწორედ კონკურსი გამოავლენს ადგილობრივ დონეზე, საჯარო სამსახურში დასაქმებულთა სამომავლო მდგომარეობას. ამასთან, ავღნიშნავ, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილების კონსტიტუციურ პრინციპებთან შესაბამისობის საკითხს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელსაც საკითხზე, გადაწყვეტილება, ჯერ არ მიუღია. "