სააგენტო „პირველის“ (PIA) პრეს-კლუბში „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის - აფბას“ წევრებმა ბრიფინგი გამართეს. ახალგაზრდა ფინანსისტები მიიჩნევენ, რომ მთავრობა სათამაშო ბიზნესს ლობირებს. ამ ლობირების მიზანია 2011 წელს გაზრდილი მოსაკრებლების შემცირება და ამ ბიზნესთან მიმართებაში წესებისა და ნორმატივების ლიბერალიზაცია, რაც უკანონო ლობირების ფაქტებს არ გამორიცხავს და მეტწილად გულისხმობს კიდეც.
„აფბას“ პრეზიდენტმა ნოდარ ჭიჭინაძემ და ორგანიზაციის წევრერბმა ლევან დარსალიამ და გიორგი კაპანაძემ ამ თემასთან დაკავშირებული კვლევის წინასწარ შედეგებზე ისაუბრეს.
ბოლო პერიოდში ქვეყნის ეკონომიკაში აზარტული თამაშების ბიზნესის მნიშვნელობაზე საუბარი სულ უფრო და უფრო აქცენტირებულ სახეს იძენს, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჯერ ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელება დაუკავშირა სათამაშო ბიზნესის ბრუნვების შემცირებას, ხოლო მოგვიანებით ამ ბიზნესის რეგულაციების ლიბერალიზაციის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
განსხვავებული სიტუაცია იყო ერთი წლის წინ, როდესაც პარლამენტში სათამაშო ბიზნესის აკრძალვაზეც კი იყო საუბარი. თუმცა, აღნიშნული ბიზნესის ლობისტების ძალისხმევით, ეს ინიციატივა გაჩერდა. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტთან შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც სათამაშო ბიზნესის რეგულაციები უნდა მოემზადებინა, თუმცა, ეს ჯგუფი არც შეკრებილა, რითაც თემის აქტუალობა მიანელეს. ამ ჯგუფის ზოგიერთი წევრი კულუარულ საუბრებში იმასაც კი აცხადებს, რომ სათამაშო ბიზნესმა რეგულაციების თავიდან აცილება სერიოზული ფულის დახარჯვით შეძლო.
დღეს გვაქვს სიტუაცია, როდესაც ფინანსთა მინისტრი სათამაშო ბიზნესის წახალისებაზე საუბრობს. ეს იმ ფონზე, როცა საქართველოში აზარტული თამაშების შესახებ მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ლიბერალური კანონმდებლობაა. დღესდღეობით, სათამაშო ბიზნესს სამი კანონი აწესრიგებს, ესენია: საქართველოს კანონი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ", „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ" და „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ".
კანონმდებლობა მოითხოვს, რომ სამორინეში დამონტაჟებული უნდა იყოს და ფუნქციონირებდეს არანაკლებ შვიდი სათამაშო მაგიდა, ამათგან ერთი უნდა იყოს სათამაშო ბორბალი, იგივე რულეტი.
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი ორი ნაწილისაგან შედგება:
1. მოსაკრებელი აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების, კაზინოების მოწყობის ნებართვაზე, რომელიც ერთხელ იხდევინება საქმიანობის დაწყებისას.
2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი, რომელიც კვარტალში ერთხელ იხდება.
კაზინოს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე მოსაკრებლის გადახდა ხდება კვარტალში ერთხელ სათამაშო ნიშნის შეძენისას, რომელსაც კვარტლის პირველ დღეს ამარაგებენ თვალსაჩინო ადგილას და ხსნიან კვარტლის ბოლო დღეს. მოსაკრებლის განაკვეთი შეადგენს: – 15,000 ლარიდან 30,000 ლარამდე.
სანებართვო მოსაკრებელი სამორინეს მოწყობისათვის განისაზღვრება 5 მილიონი ლარით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, გარდა ბათუმისა, დუშეთის რაიონი – ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორია, ქობულეთი და ბორჯომის ტერიტორია , რომელთა მოსაკრებელიც 250 ათასი ლარით განისაზღვრება, ხოლო წყალტუბოს რაიონის ტერიტორიაზე სანებართვო მოსაკრებელი სამორინეს მოწყობისათვის საერთოდ არ არსებობს.
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება თითოეული მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილებით, რადგან „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონი მოსაკრებლის მხოლოდ ზედა და ქვედა ზღვარს აწესებს. აღნიშნულიდან გამომდინარე თითოეული საკრებულო დამოუკიდებელად განსაზღვრავს გადასახადის ოდენობას, თავისი განმგებლობის ქვეშ მოქცეული ტერიტორიისთვის.
ონლაინ-აზარტული თამაშების შესახებ საქართველოს კანონმდებლობას კონკრეტული რეგულაციები და მოთხოვნები არ გააჩნია, ხოლო, რაც შეეხება აზარტული თამაშების დაწესებულების ტერიტორიული განლაგების ადგილს და შეზღუდვებს, ამის თაობაზე საქართველოს კანონმდებლობა არაფერს გვეუბნება.
საქართველოსგან განსხვავებით, ევროპის ქვეყნებში სათამაშო ბიზნესი მკაცრად რეგულირდება. გამუდმებით ჩნდება ახალი მარეგულირებელი ან ამკრძალავი კანონები, რაც კიდევ უფრო ართულებს აზარტული თამაშების ბიზნესის საწარმოოდ ნებადამრთველი ლიცენზიის გაცემის პროცესს.
მაგალითად ბრიტანეთში 2005 წელს მიღებული სათამაშო აქტის მიხედვით (The Gambling Act 2005) დაწესებულია დამატებითი გადასახადები ბრიტანეთის ტერიტორიაზე ლიცენზირებული სამორინეებისთვის. გადასახადები მერყეობს 15 – 50 პროცენტამდე სამორინეს წლიური შემოსავლის მიხედვით: პირველი 1,929,000 ფუნტი სტერლინგი იბეგრება 15 % - ით, შემდგომი 2,329,000 – 20%, შემდგომი 4,915,500 – 40% და დარჩენილი მოგება 50 % - ით. 2014 წლიდან კი იგეგმება ასევე ონლაინ თამაშებიდან მოგების ანალოგიური სისტემით დაბეგვრა.
ბელგია ხელმძღვანელობს 2009 წელს განახლებულ 1999 წლის სათამაშო აქტის მიხედვით, რომელიც ნებას რთავს მხოლოდ 9 A-კლასის კაზინოს ოპერირებას, რომლებიც იბეგრებიან 1,200,000 ევროზე 20% - ით ხოლო 12,350,000-ის ზემოთ 50% - ით. ბელგიაში მხოლოდ ლიცენზირებულ სამორინეებს აქვთ უფლება შესთავაზონ მომხმარებლებს ონლიაინ თამაშები და ამასთანავე, მხოლოდ იმ მომხმარებლებს, რომლების დარეგისტრირებულნი არიან მოცემულ სამორინეში და მათი პირადი მონაცემები და სურათი იმყოფება კაზინოს მონაცემთა ბაზაში.
გერმანია, რომელიც ხელმძღვანელობს 2012 წელს განახლებული სათამაშო ხელშეკრულების მიხედვით, არის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრად რეგულირებადი ქვეყანა ევროპაში. შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების მიერ დაწესებული კონტროლის გარდა სამორინეების რაოდენობას და მოსაკრებელს განსაზღვრავს ადგილობრივი მმართველი ორგანოები. დასაბეგრი რაოდენობა ასევე დგინდება ფედერალური მუნიციპალიტებით და განისაზღვრება საშუალოდ წლიური მოგების 30%-60%-ით. ონლაინ თამაშები გერმანიაში საერთოდ აკრძალულია.
„ევროპულ ეკონომიკებში სათამაშო ბიზნესის მიმართ საკმაოდ მკაცრი მიდგომებია, ჩვენ, ერთის მხრივ, მივიწევთ ამ ეკონომიკური სივრცისკენ, ხოლო, მეორეს მხრივ, უგულებელვყოფთ ევროპულ პრინციპებს და სათამაშო ბიზნესის ლიბერალიზაციით ვაპირებთ ეკონომიკის ზრდის წახალისებას“, - აღნიშნა „აფბას“ პრეზიდენტმა ნოდარ ჭიჭინაძემ.
ამ ეტაპისთვის „აფბა“ გამოყოფს 2 ძირითად პრობლემას, რომლებიც სათამაშო ბიზნესის რეგულირების არასწორი პრაქტიკის შედეგია:
1) ონლაინ თამაშები - არაეფექტური კანონმდებლობის გამო ონლაინ თამაშების რეგულაცია ვერ ხერხდება სათანადო დონეზე, რაც გამოიხატება ბევრი არასრულწლოვანის რეგისტრაციაში ონლაინ ტურნირებში, ფსონების დადებაში და ა.შ.
2) სამორინეების ტერიტორიული განლაგება - დღეისათვის მეწარმეებს შეუძლიათ ქვეყნის ნებისმიერ ადგილას სათამაშო დაწესებულების გახსნა, რის გამოც აზარტული თამაშები ფართოდ ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის და მათ შორის არასრულწლოვნებისთვის. დღეს არსებული პრაქტიკის მიხედვით, სამორინეები ძირითადად განლაგებულია ქალაქის ცენტრალურ უბნებში, ხალხმრავალ ადგილებში, მათ შორის სასწავლო დაწესებულებებთან ახლოს.
„ვრცელ დასკვნას ამ საკითხთან დაკავშირებით „აფბა“ უახლოეს პერიოდში დადებს“, - განაცხადა ბრიფინგზე ნოდარ ჭიჭინაძემ.