2014 წლის 24 ივნისს კოალიცია „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ცხინვალის შესაძლო რეფერენდუმთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა:
„მინდა საზოგადოების ყურადღება მივაპყრო იმ საგანგაშო ვითარებას, რომელშიც ჩვენი ქვეყანა დღეს აღმოჩნდა. სამწუხაროდ, დღეს განცხადების გაკეთება მიწევს ისეთ თემაზე, რომლის ფონზეც აბსოლუტურად აზრს მოკლებულია საუბარი ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე ან მისი ჩატარების ხარისხზე.
ადგილობრივი არჩევნების დროს მე არაერთგზის აღვნიშნე, რომ არჩევნების შემდეგ შეიძლება ვითარება ისე შებრუნებულიყო, რომ მე შესაძლოა უმძიმეს თემაზე გამეკეთებინაგანცხადება. სამწუხაროდ, ჩემი პროგნოზი გამართლდა. გუშინდელ ბრიფინგზე, მე განვაცხადე, რომ ნებისმიერ ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე მეტად ჩემთვის უმთავრესია აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში დაბრუნება, თუმცა ეს ჩემი განცხადება არც ერთ საინფრომაციო გამოშვებასა თუ საგაზეთო პუბლიკაციაში არ მოხვდა.
დიახ, დღეს დგას საკითხი, როდესაც ჩვენ მთელმა საზოგადოებამ არჩევანი უნდა გავაკეთოთ და ხმამაღლა ვთქვათ, ჩვენთვის არის თუ არა უმთავრესი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, ქვეყნის სუვერენიტეტი. ჩვენ ნებისმიერ სამხედრო პოლიტიკურ ბლოკში ან საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანება გვინდა უმთავრესი მიზნების მისაღწევად, ეს არის ქვეყნის გამთლიანება, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება, მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვკითხოთ საკუთარ მოსახლეობას, რა ნაბიჯებს ვდგამთ ჩვენ იმისათვის, რომ მთავარი პრიორიტეტი რომელიმე ორგანიზაციაში წევრობა კი არა სწორედ ამ მიზნების შესრულება იყოს.
ის განცხადებები, რაც დღეს ცხინვალში გაკეთდა რეფერენდუმთან დაკავშირებით, შესაძლოა ჩვენი ქვეყნისთვის კატასტროფული ვითარების მომტანი აღმოჩნდეს. ვისაც ეს არ ესმის, მე დაგიხატავთ ძალიან მარტივ სურათს: თუ ამ რეფერენდუმის შემდეგ ჩვენი მთავრობა ეფექტურად არ იმოქმედებს, ჩვენი ქვეყნის ბედი მთლიანად იქნება დამოკიდებული რუსეთის ე.წ კეთილ ნებაზე. იმიტომ რომ ამ რეფერენდუმის შემდეგ გაჩნდება იმის შესაძლებლობა, რომ რუსეთის სახელწმიფო საზღვარმა გაიაროს გორიდან რამდენიმე კილომეტრში, რასაც სავარაუდოდ მოყვება თბილისი-სენაკის მაგისტრალის გადაკეტვა, რამაც ქვეყანა შეიძლება ორად გაყოს. რუსეთის დე-ფაქტო ტერიტორიაზე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველოს ეკონომიკური სტაბილურობის გარანტიების ისედაც მცირე ნაწილი, მათ შორის ნავთობსადენი და გაზსადენი.
მე თავს ვიკავებდი ამის გაშიფრვისაგან, მანამ ვიდრე ჩვენ ამ საგანგაშო რეალობის წინაშე არ დავდექით და მე მაიძულებს ამ ვითარების გაშიფრვას ის ფაქტი, რომ დღევანდელი ხელისუფლება აბსოლუტურად არაფერს აკეთებს ამ საფრთხეების თავიდან ასაცილებლად.
მე დიდი ხანია ვამბობ, რომ რუსეთთან მოლაპარაკების შანსი, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, დიახაც რომ არსებობს. მაგრამ ეს შანსი ყოველდღიურად მცირდება. ეს შანსი იყო განუზომლად დიდი მაშინ, როდესაც მე ვიმყოფებოდი ვიზიტით მოსკოვში, როცა ლამის სამშობლოს მოღალატედ გამომაცხადეს. მე არ ვიცი რა გარანტიები აქვს მიღებული საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ახლა. სამარცხვინოა, ჩვენი ხელისუფლების უსუსურობა და უუნარობა, არ მინდა ვიფიქრო რომ ხელისუფლება ნატოსთან და ევროკავშირთან ურთიერთობის სანაცვლოდ უარს ამბობს საქართველოს ძირძველ ტერიტორიებზე, ჩვენს სისხლსა და ხორცზე, აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე.
პირდაპირ მივმართავ ბატონ ღარიბაშვილს, რომელსაც ნამდვილად მინდა ამ საქმეში წარმატება ჰქონდეს. ბატონო ირაკლი, თუ ახლავე, სასწრაფოდ არ გააკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ შედგეს პირდაპირი შეხვედრა და დიალოგი რუსეთის პრეზიდენტთან, რომელსაც გუშინ თქვენგან განსხვავებით ესაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ქვეყნისათვის არსებული შანსი კიდევ უფრო შემცირდება. მოგიწოდებთ, სასწრაფოდ დაიწყოთ მოლაპარაკების პროცესი და ზრუნვა იმაზე, რომ შედგეს პირდაპირი დიალოგი საქართველოსა და რუსეთის პირველ პირებს შორის იმისათვის, რომ მოვლენები არ გახდეს შეუქცევადი ჩვენი ქვეყნისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი პასუხისმგებლობა განვითარებულ მოვლენებზე დაგეკისრებათ პირადად თქვენ და თქვენს ხელისუფლებას.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით მე კიდევ უფრო ვრწმუნდები, რომ ჩვენი მოთხოვნა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, არის ერთადერთი გამოსავალი, რომ ქვეყანაში მოვიდეს ის ძალა, რომელსაც შეუძლია ქვეყნისათვის ამ საფრთხეების თავიდან აცილება.
მე მოვუწოდებ სრულიად ოპოზიციას: გავერთიანდეთ ამ მთავარი მიზნის მისაღწევად, იმისათვის რომ ქვეყანას გაუჩნდეს შანსი და ახალმა პარლამენტმა ქვეყნის მართვაში მონაწილეობა ახლებურად შეძლოს!“