„ნაციონალები კონსერვების მოსახუფებს რომ არიგებენ, გვკითხონ, კონსერვები თუ გვაქვს“

„ნაციონალები კონსერვების მოსახუფებს რომ არიგებენ, გვკითხონ, კონსერვები თუ გვაქვს“

ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, მოსახლეობაში შექმნას იმის ილუზია, რომ ქართული საზოგადოების უმრავლესობა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერს მხარს. ოპოზიციის წარმომადგენლებისა და ექსპერტთა ნაწილის აზრით, ამით სააკაშვილის გუნდი ცდილობს, აქედანვე თადარიგი დაიჭიროს, რადგან არჩევნების გაყალბებას მასობრივი პროტესტი მოჰყვება. ამიტომ, უმჯობესია, მოსახლეობა ფიქრობდეს, რომ „ნაცმოძრაობა“ საზოგადოების დიდი მხარდაჭერით სარგებლობს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ხელისუფლებას ამ ჩანაფიქრის განხორციელება ძალიან გაუჭირდება, რადგან ქართულ საზოგადოებაში არაფერი იმალება და ყველამ კარგად იცის, ვინ ვისი მხარდამჭერია.

ამის ნათელი მაგალითია ის ინფორმაციები, რაც for.ge-ს ახმეტიდან მიაწოდეს. კერძოდ, ახმეტის ერთ-ერთმა მკვიდრმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, - „ჩვენთან არაფერი იმალება. ყველამ კარგად იცის, ვინ ვისი მხარდამჭერია. იმასაც ამბობენ, ხელისუფლება 1000 ლარიან ვაუჩერებს მხოლოდ ნაციონალების მხარდამჭერებს და მათ აქტივისტებს დაურიგებსო. ალბათ, ასეც იქნება. აბა ახმეტის ცენტრში სატვირთო მანქანით რომ ჩამოდგნენ და კონსერვების მოსახუფები დაარიგეს, მე რატომ არ დამიძახეს? იმიტომ, რომ იციან, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი რომ არ ვარ“.

რამდენიმე დღის წინ for.ge წერდა, რომ საჩხერის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მოსახლეობას წინდები დაურიგეს და ამის სანაცვლოდ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ხმის მიცემას ითხოვდნენ. ახლა კი ირკვევა, რომ ახმეტაში კონსერვების მოსახუფები დაარიგეს, რაზეც ადგილობრივები კითხულობენ - „კი მაგრამ, კონსერვების მოსახუფებს რომ არიგებენ, ერთი ის გვკითხონ, კონსერვები გვაქვს? არ იციან, რომ ურთულეს პირობებში გვიწევს ცხოვრება?“.

ჩნდება განცდა, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები რასაც იშოვიან, იმას არიგებენ მოსახლეობაში. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს, როგორც ჩანს, მათთვის ხელისუფლებას მეტი ემეტება.

ახმეტის ერთ-ერთი მაცხოვრებლის განცხადებით ახმეტის ცენტრში მდებარე საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიაში რაიონის გამგებლის დავალებით სერიოზული შეკვეთა განხორციელდა.

„საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიაში ვიყავი შესული, რა დროსაც კობა მაისურაძის (ახმეტის გამგებლის) ხელის ბიჭები მოვიდნენ და ძალიან დიდი რაოდენობით ე.წ. „ზიმა-ლეტო“-ს ტიპის გამათბობლები შეუკვეთეს. როგორც ამბობენ, შემდეგ ასეთ საჩუქრებს გამგებელი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს ურიგებს“, - ამბობს ახმეტის მაცხოვრებელი, რომელმაც ვინაობის გამჟღავნებისაგან თავი შეიკავა.

ხელისუფლება მსგავს ფაქტებს, რა თქმა უნდა, ყოველთვის კატეგორიულად უარყოფს.

ახმეტის მაცხოვრებელთა თქმით, რაიონში „ქართულ ოცნებას“ ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს და ისინი ღიადაც აფიქსირებენ თავის პოზიციას, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც სახელმწიფო სამსახურში მუშაობენ, კოალიციის წარმომადგენლებთან კონტაქტს ფარულად ახდენენ და მათ მხარდაჭერას უცხადებენ. კოალიციის მხარდამჭერებს ეჭვი აქვთ, რომ ასეთები ორმაგ თამაშს თამაშობენ, ანუ ახლა ხელისუფლებას არ განუდგებიან და თავს დაიზღვევენ, რომ თუკი „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის სათავეში დარჩება, ისინი თავიანთ სამსახურებს ისევ შეინარჩუნებენ, ხოლო თუ ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვა, მაშინ იტყვიან - ხმა თქვენ მოგეცითო.

როგორც for.ge-სთვის გახდა ცნობილი, პანკისის ხეობა მთლიანად „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს, ანუ ადგილობრივ ქისტებში კოალიცია დიდი მხარდაჭერით სარგებლობს. ამას ადგილობრივები იმით ხსნიან, რომ პანკისში „ქართული ოცნების“ კოორდინატორი იქაურ მოსახლეობაში ავტორიტეტით სარგებლობს და მის სიტყვასაც დიდი ფასი აქვს. რაც შეეხება ახმეტის აწ უკვე ყოფილ მაჟორიტარ დეპუტატს, პეტრე ცისკარიშვილს, რომელიც რაიონიდან გადეპუტატებას ისევ გეგმავს, როგორც ადგილობრივები ყვებიან, ამომრჩევლებთან შეხვედრის ფარგლებში მხოლოდ პედაგოგებსა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებულ პირებს ხვდება, რესტორანშიც მასპინძლობს ხოლმე მათ, ხოლო ზოგადად მოსახლეობას არ ხვდება და ასე ხდება მის მშობლიურ სოფელ ალვანშიც კი, სადაც მას ადგილობრივი თუშები მაინცდამაინც არ სწყალობენ. ცისკარიშვილზე ადგილობრივები ამბობენ, ამდენი ხანი პარლამენტში რომ იყო, ჩვენთვის არაფერი გაუკეთებია და ახლა კიდევ რატომ ავირჩევთო.