"არჩევნებზე გამოჩნდა, რომ ხალხი ენდობა ღირსეულ კანდიდატებს"

გუშინ მართლაც ისტორიული დღე იყო ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის და ჩვენი მოსახლეობისთვის. მე მინდა სიამაყით განვაცხადო, რომ პირველად, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის განმავლობაში, ჩვენ უკვე ყველამ ერთად ვიხილეთ მართლაც დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, თვითმმართველობის  არჩევნები, რომელშიც მონაწილეობდა 16 ათასი კანდიდატი. ეს მართლაც უპრეცედენტო რაოდენობა იყო, რამაც ხალხს მისცა საშუალება,  აერჩია დაახლოებით ორი ათასი კანდიდატი.

ამ არჩევნებმა ნათლად აჩვენა, რომ ჩავატარეთ ნამდვილად გამჭვირვალე არჩევნები, დაფიქსირდა თითოეული ამომრჩევლის ნება, ყველა ამომრჩევლის ხმა იყო დაცული, საარჩევნო ადმინისტრაციები მუშაობდნენ გამორჩეულად გამართულად, დამოუკიდებლად და  რომ  ხელისუფლება არ ჩარეულა მათ მუშაობაში.

მე მინდა გულწრფელად გადავუხადო მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ არჩევნებში, პირველ რიგში კი,  ამომრჩევლებს. მე მინდა ასევე მადლობა გადავუხადო საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელს,  კანდიდატებს, დამკვირვებლებს.  და, რაც მთავარია,  მინდა მივულოცო ჩვენი კოალიციის ამ არჩევნებში გამარჯვება ჩვენს მხარდამჭერებს.

ჩვენ ვლიდერობთ ყველა ოლქში, ყველა ქალაქში, ყველა რაიონსა და ყველა სოფელში. დღეს ჩვენ დავამტკიცეთ, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია ქვეყნის დემოკრატიულად მართვა.

აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ შევიმუშავეთ პირველად დამოუკიდებელი  საქართველოს ისტორიაში ახალი კოდექსი, თვითმმართველობის კოდექსი. ჩვენ შემოვიღეთ, ჩემი ინიციატივით, 50-პროცენტიანი ბარიერი. რა თქმა უნდა, თავიდანვე გაცნობიერებული გვქონდა, რომ აღნიშნული ბარიერის, უპრეცედენტოდ მაღალი ბარიერის შემოღებით იქნებოდა ალბათობა იმისა, რომ რამდენიმე ოლქში გამართულიყო მეორე ტური, მაგრამ ჩვენ შეგნებულად წავედით ამ ექსპერიმენტზე. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ხალხი შეეჩვიოს დემოკრატიულ არჩევნებს და ხალხს მივცეთ საშუალება, რომ მათ აირჩიონ რეალურად მათთვის სასურველი კანდიდატი.

თითოეულ ქალაქში, თითოეულ რაიონსა და სოფელში მოქალაქეებმა აირჩიეს მათთვის სასურველი კანდიდატები. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, სწორედ ამიტომ ღირდა და სწორედ ამიტომაც არის გამართლებული, რომ მეორე ტური რამდენიმე ოლქში გაიმართოს. ჩვენ გვესმის, რომ ეს დაკავშირებული არის ხარჯებთან, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩვენ გაცილებით მეტი სარგებლის და მეტი სიკეთის მიღება შეგვიძლია ამ პრეცედენტის დაშვებით, რომელიც იქნება აუცილებლად დიდი სიკეთის მომტანი ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისთვის, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის განტკიცებისთვის. მე მიმაჩნია, რომ ეს ბარიერი არის აბსოლუტურად გამართლებული.

მინდა გითხრათ აგრეთვე, რომ ეს პრეცედენტი ვერ დაუშვა ვერ ერთმა ხელისუფლებამ. მართლაც საამაყოა, რომ ჩვენ ვართ ის ერთადერთი ხელისუფლება, რომელმაც ეს დაამკვიდრა ქართულ რეალობაში. მანამდე მხოლოდ თბილისში იყო არჩევითი მერის ტრადიცია 30-პროცენტიანი ბარიერით და ჩვენ რეალურად, რევოლუციური თვითმმართველობის არჩევნები ჩავატარეთ. რაც მთავარია, ჩვენი მხრიდან გამორიცხული იყო ყოველგვარი ძალდატანება და იძულება.

მე დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ტურში ამომრჩეველს გაეზრდება მოტივაცია, რომ კიდევ ერთხელ დააფიქსიროს საკუთარი არჩევანი და კიდევ ერთხელ აირჩიოს მისთვის სასურველი კანდიდატი.

ასევე, არჩევნებზე გამოჩნდა, რომ ხალხი ენდობა ღირსეულ კანდიდატებს. აქ უკანა პლანზე  გადმოიწია პარტიამ და ამ კანდიდატის პარტიულმა კუთვნილებამ. იყო შემთხვევები, სადაც იმის გამო, რომ ძლიერი კანდიდატები ჰყავდათ შერჩეული სხვა ოპოზიციურ პარტიებს, და არა მხოლოდ ამ შემთხვევაში ნაციონალურ მოძრაობას, რამდენიმე ოლქში რამდენიმე ადგილი დაიკავეს სწორედ სხვა ოპოზიციურმა ძალებმა. ეს არის ძალიან საინტერესო პრეცედენტი და ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ხალხმა აირჩია, ხალხმა ხმა მისცა მისთვის სასურველ კანდიდატს.

მე მინდა გამოვყო საინტერესო მაგალიათი - რა მოხდა მარნეულში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ რჩევა მივეცით ჩვენს კანდიდატს, რომ მოეხსნა საკუთარი კანდიდატურა რეგისტრაციიდან, თქვენ, ალბათ, კარგად იცით, რომ იმის გამო, რომ ვადები იყო გასული, ვერ მოხერხდა ფაქტობრივად ამ კანდიდატის მოხსნა ოფიციალური რეგისტრაციიდან. მოხდა ისე, რომ ხალხმა გადაწყვიტა და ხმა მისცა ,,ქართული ოცნების“ კანდიდატს. შესაბამისად, ჩვენ, რა თქმა უნდა, არა გვაქვს უფლება, რომ არ დავემორჩილოთ და პატივი არ ვცეთ ხალხის არჩევანს. დაბოლოს, ჩვენი ხელისუფლება შევა საქართველოს უახლეს ისტორიაში, როგორც პირველი ხელისუფლება, რომელმაც ჩაატარა და დაამკვიდრა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ტრადიცია.

ეს არის მთელი ჩვენი ქვეყნის გამარჯვება. რა თქმა უნდა, ეს არის მთელი კოალიციის გამარჯვება, ვინაიდან ჩვენ ყველა ოლქში ვლიდერობთ და ყველა ოლქში გავიმარჯვებთ აუცილებლად.