ნინო ბურჯანაძე მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს

ნინო ბურჯანაძე მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს

კოალიცია "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" ლიდერი, ნინო ბურჯანაძე ამომრჩევლებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს. როგორც ნინო ბურჯანაძემ დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის დაბალი აქტივობა, რომელიც ამ დროისთვის ფიქსირდება ძალიან რთულ შედეგს გამოიწვევს:

„მიუხედავად იმისა, რომ ამ არჩევნებზე აქტივობა დაბალია, ჩვენ ძალიან ოპტიმისტური პროგნოზი გვაქვს იქედან გამომდინარე, რომ ჩვენი აქტივისტები ძალიან აქტიურობენ. ამ წუთებში „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო საკუთარი შტაბის წინ სცენის მშენებლობა იმისათვის, რომ აღნიშნონ გამარჯვება, რომელიც ჯერ არ აქვთ მოპოვებული და ამას წინ უსწრებს კვლავ ეგზითპოლებით მანიპულირება საქართველოს ტელეარხებში. მე მინდა ყველას ვუთხრა, არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არ ხდება ეგზითპოლების გამოცხადება 8 საათზე, ხმის მიცემის დასრულებისთანავე. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეგზითპოლები არის მანიპულირებისა და არჩევნების გაყალბების არაჩვეულებრივი საშუალება. ვხედავთ რა „ქართული ოცნების“ მოქმედებებს, დარწმუნებულნი ვართ იმაში, რომ ისინი შეეცდებიან არჩევნების დარსულებისთანავე, შედეგები მოარგონ იმ ეგზითპოლებს, რომელიც გამოქვეყნდება მათი და „ნაციონალური მოძრაობის“ გარიგების შედეგად. აქედან გამომდინარე, მინდა ყველა ჩვენს დამკვირვებელს და წარმომადგენელს მოვუწოდო, რომ იყვნენ მაქსიმალურად ყურადღებით, რათა დათვლის დროს არ მოხდეს უბნებზე მანიპულირება. ასევე მინდა თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდო, რომ ყველა გამოვიდეს არჩევნებზე. დაბალი აქტივობა ძალიან რთულ შედეგებს გამოიწვევს ქვეყნისათვის  სამომავლოდ.

ის პათოსი, რომლითაც „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელმა გადაწყვიტა, რომ მებრძოლოს მე და ჩემს პოლიტიკურ ძალას და არა „ნაციონალურ მოძრაობას“, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს არის ერთ მუშტად შეკრული ორი პოლიტიკური ძალა. ჩვენ გპირდებით, რომ დავანგრევთ ამ სტერეოტიპს.“