„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, 12:00 საათის მონაცემებით, თვითმმართველობის არჩევნებზე, 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით, ამომრჩეველთა აქტივობა დაბალია. ორგანიზაციის ხელმძღვანლის ნინო ლომჯარიას განცხადებით, აქტივობა შედარებით მაღალია სოფლის ტიპის დასახლებაში - ყველაზე დაბალი აქტივობა თბილისსა და ქუთაისში, ყველაზე მაღალი კი ამბროლაურში აღინიშნა. ამბროლაურში ამომრჩეველთა აქტივობამ 12:00 საათისთვის 27% შეადგინა, თბილისსა და ქუთაისში 12%-მდე.
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებმა 15:00 საათის მონაცემებით სულ 31 საჩივარი დაწერეს, მათგან საუბნო საარჩევნო კომისებში 29, საოლქოში კი 2.
რაც შეეხება დარღვევებს, ნინო ლომჯარიას განცხადებით, გამოვლინდა საარჩევნო უბანზე აგიტაციის 4 შემთხვევა, არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემის 6 შემთხვევა, ამომრჩეველთა სიებში წინასწარ დაფიქსირებული ხელმოწერის 3 შემთხვევა, არაუფლებამოსილი პირის უბანზე ყოფნის 8 შემთხვევა და დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვის 5 ფაქტი.