44 საჩივარი და 56 შენიშვნა,- ასეთია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დამკვირვებელთა მიერ 14:00 საათისთვის ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილი საარჩევნო დარღვევების სტატისტიკა.
„საია-ს“ ხელმძღვანლის კახა კოჟორიძის განმარტებით, ძირითადად, კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში, თუმცა გამოვლინდა არსებითი ხასიათის დარღვევაც.
„ზუგდიდის N32 უბანზე დარღვევის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, „საია-ს“ მობილური ჯგუფის დამკვირვებელი მივიდა ზემოაღნიშნულ უბანზე. ჩვენთვის ცნობილი ინფორმაციის თანახმად, დაახლოებით 10:00 საათზე, ზუგდიდის #32-ე უბანზე გამოცხადდნენ ორი წლის წინ გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის დედა, ცინარა აბულაძე და მისი ნათესავები. ცინარა აბულაძე მისი შვილის საქმეზე გამოძიების ჩატარება ითხოვდა. საიას დამკვირვებლის ინფორმაციით, აღნიშნულ უბანზე კენჭისყრა აღარ მიმდინარეობს, რადგან კაბინები დამტვრეულია, ყუთიდან ბიულეტენები ამოყრილი და უბანზე გაბნეულია.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას საია-ს ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2012 წლის 16 ივნისს ანაკლიაში 75 წლის ცინარა აბულაძე პოლიციელებმა ჯოხით სცემეს, რასაც 20-მდე მეზობელი წერილობით ადასტურებს“,- განაცხადა კახა კოჟორიძემ.
„საია“ მოუწოდებს მოქალაეებს, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი არჩევნების დროს, რადგან, თუნდაც, მსგავსი მიზეზი ვერ გაათავისუფლებს მათ პასუხსიმგებლობისგან, ამასთანავე, სამართალდამცველებს მოუწოდებს, რომ აღნიშნულ საკითხზე გამოძიება ეფექტურად ჩაატარონ.
„საია-ს“ მიერ გამოვლენილი დარღვევების ნუსხა 14:00 საათისთვის ასეთია - კასპის 25-ე უბანზე ამომრცევლებს გამგებლის ასარჩევ ბიულეტენებს არ აძლევდნენ და მხოლოდ 2 ბიულეტენის შევსება უწევდათ; ქარელის 82-ე საარჩევნო უბანზე არაუფლებამოსილი პირები იმყოფებოდნენ; ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ ასევე გამოვლინდა არასათანადო დოკუმენტით ხმის მიცემისა და საკონტროლო ფურცლის შევსებასთან დაკავშირებული პრობლემები
„ქობულეთის ჩაისუბნის უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ამომრჩეველი არ დაუშვა უბანზე იმის გამო, „შორტით“ გამოცხადდა და ეს მან მიიჩნია არაეთიკურად“,- განაცხადა „საარჩევნო მედიაცენტრში“ გამართულ ბრიფინგზე კახა კოჟორიძემ და აღნიშნა, რომ მათ ამ ფაქტზეც დაწერეს საჩივარი.
„საია-ში“ განმარტავენ, რომ მათი დამკვირვებლების მიერ მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მუშაობის ხელის შეშლის ფაქტები ამ დრომდე არსად გამოვლენილა.