„საზოგადოებრივი დამცველი“: არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

„საზოგადოებრივი დამცველი“: არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივმა დამცველმა“ ამ დროისთვის ოთხი საარჩევნო დარღვევა გამოვალინა, მათგან სამი თბილისში, ერთი კი გორში აღინიშნა.

ორგანიზაციის წარმომადგენლის განმარტებით, სამგორის მე-40 საარჩევნო უბანზე ორი დამკვირვებელი შევიდა და მათგან ერთ-ერთს სამკერდე ნიშანი არ ჰქონდა, რის გამოც ორგანიზაციის დამკვირვებელმა საჩივარი დაწერა. ნაძალადევის 23-ე უბანზე კი საარჩევნო აგიტაციის შემთხვევა გამოვლინდა, კერძოდ, ამომრჩეველი ხმის მისაცემად 41-ნომრიანი მაისურით მივიდა. ხოლო, გლდანის 27-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს მარკირების პროცედურა არასათანადოდ ჩაუტარდა. გორში კი, სოფელ დიცის 38-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე პირადობის მოწმობის გარეშე შევიდა.

„ვფიქრობთ, ამ ეტაპზე არჩევნები მშვიდად მიმდინარეობს და იმედს ვიტოვებთ, საბოლოოდ მშვიდ ვითარებაში დასრულდება“,- განაცხადა „საზოგადოებრივი დამცველის“ ხელმძღვანელმა ირინა ფუტკარაძემ.