ინფორმაცია საარჩევნო პროცესის შესახებ 11:00 საათის მდგომარეობით

ინფორმაცია საარჩევნო პროცესის შესახებ 11:00 საათის მდგომარეობით

11:00 სთ-ზე გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა ჟურნალისტებს კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის შესახებ გააცნო ინფორმაცია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და პროცედურული ხარვეზების უმეტესობა ადგილზე აღმოიფხვრა.

როგორც ცესკოს სპიკერმა 11 საათიან საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა: “ამ დროისთვის საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და პროცედურული ხარვეზების უმეტესობა ადგილზე აღმოიფხვრა.”

”მარტვილის მე-16 უბნიდან გატაცებული ბიულეტენები დალუქულ მდგომარეობაში ნაპოვნია საარჩევნო უბანთან ახლომდებარე ტერიტორიაზე. მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება დაგვიანებით გაეხსნა მე-16 საარჩევნო უბანი და უბანზე კენჭისყრა უკვე მიმდინარეობს.

ზუგდიდის საარჩევნო ოლქის, ანაკლიის 32-ე უბანზე დაამტვრიეს საარჩევნო ყუთი. ცესკოს და ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები ადგილზე შეისწავლიან სიტუაციას და შემდეგ ბრიფინგზე ცესკო დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის ამომრჩეველს” - განაცხადა ეკა აზარაშვილმა.  

ახალქალაქის მე-4 უბანზე, დღეს დილით უბნის გახსნამდე  გულის შეტევით გარდაიცვალა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი, ლევონ საპონჯიანი. ცენტრალური საარჩევნო კომისია მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.

შეგახსენებთ, რომ 24 საათიან რეჟიმში მუშაობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცხელი ხაზი - 2 51 00 51 და ონლაინ ოპერატორი (www.cesko.ge). ცესკო მოუწოდებს არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, - არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია მიაწოდონ საარჩევნო ადმინისტრაციას.

დღის განმავლობაში, ყოველ ორ საათში ერთხელ ცესკო მოსახლეობას  დეტალურად გააცნობს ინფორმაციას კენჭისყრის მიმდინარეობის შესახებ.