ბრიფინგი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში

ბრიფინგი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში

დღეს, 18:00 სთ-ზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადების პროცესის დასრულების შესახებ შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა.

უცვლელად გთავაზობთ ცესკოს თავმჯდომარის განცხადებას:

”ხვალ, ამომრჩევლებს (3, 429, 748) ექნებათ შესაძლებლობა  აირჩიონ თვითმმართველი ორგანოს - საკრებულოს წარმომადგენლები, მათი ქალაქის მერი ან მუნიციპალიტეტის გამგებელი.

საარჩევნო ადმინისტრაცია სრულ მზადყოფნაშია 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნების  ჩასატარებლად.

15 ივნისს, დილის 8:00 სთ-დან კენჭისყრისთვის გაიხსნება 3, 637 საარჩევნო უბანი, რომლებსაც უკვე გადაეცათ საარჩევნო ბიულეტენები, ოქმები და ყველა სხვა საჭირო მასალა. ხმის მიცემის პროცესი საღამოს 20:00 სთ-ზე დასრულდება. საარჩევნო კომისიის ყველა წევრს გავლილი აქვს საარჩევნო ტრენინგები და ისინი მზად არიან არჩევნების ჩასატარებლად.

თვითმმართველობის არჩევნებს საარჩევნო სუბიექტების 45,300 წარმომადგენელი, 16, 000-ზე მეტი ადგილობრივი და 560 საერთაშორისო დამკვირვებელი დააკვირდება. საარჩევნო პროცესს 1,500- ზე მეტი მედია წარმომადგენელი გააშუქებს.

მას შემდეგ, რაც ცესკო მიიღებს საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებს, ეს დოკუმენტები დაუყოვნებლივ აიტვირთება ცესკოს ვებ-გვერდზე - results.cec.gov.ge და ყველას ექნება საშუალება თვალი ადევნოს ამ პროცესს.

არჩევნების დღეს, დილის ცხრის ნახევარზე ცესკო გამართავს პირველ საინფორმაციო ბრიფინგს და დღის განმავლობაში რეგულარულად  მიაწვდის  მოსახლეობას ინფორმაციას კენჭისყრის მიმდინარეობის  და ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ კენჭისყრის დღეს 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის კონტაქტ-ცენტრი 2 51 00 51, ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი (www.cesko.ge).  შესაბამისად,  გთხოვთ მოგვაწოდოთ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია.

მინდა შევახსენო არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით კენჭისყრისდღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. 15 ივნისს ასევე  აკრძალულია წინაასარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში. აქვე, გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20 საათამდე კანონით იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.

ბოლოს, მინდა მოვუწოდო ამომრჩევლებს აქტიური მონაწილეობა მიიღონ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში და  მივმართო ყველა ჩართულ მხარეს ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში წარმართვას.

გისურვებთ წარმატებულ არჩევნებს!