2014 წლის 14 ივნისს კოალიცია „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ წალკის რაიონის მოსახლეობას გამგებლობის კანდიდატად რუსლან ხუციშვილი წარუდგინა. კოალიციის ლიდერმა მადლობა გადაუხადა წალკის რაიონის მოსახლეობას გულთბილი შეხვედრისათვის:
„უაღრესად სასიამოვნოა ამ ადამიანებთან შეხვედრა, მაგრამ ძალიან სამწუხაროა იმ პრობლემების მოსმენა, რომელიც მათ აწუხებთ. ჩვენ საპრეზიდენტო არჩევნებიც მოვიგეთ წალკის რაიონში და დარწმუნებული ვარ ახლაც ისეთივე დიდი მხარდაჭერა გვექნება როგორც მაშინ. ვიცით, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა სამივე ბიულეტენში შემოხაზავს ნომერ 3-ს. ხოლო ის ადამიანები, ვინც ძალიან წუხან ჩვენს კოალიციაზე, ნუ იღელვებენ, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ.
ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა წალკაში რამოდენიმე ხნის წინ, როდესაც ჩვენს მხარადმჭერებს შეურაცხყოფა მიაყენეს. ყველამ იცოდეს, რომ ამას ჩვენ არავის არ ვაპატიებთ, ჩვენ დავიცავთ ამ ადამიანებს და დავიცავთ ჩვენს ხმებს.
მე ვიცი, რომ ჩვენ ვიგებთ ამ რაიონს და ასევე ბევრ რაიონში მოგების და მინიმუმ მეორე ტურის გარანტია გვაქვს. ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ ვინმემ ხალხის ეს ნება გააყალბოს,“ - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.