გვინდა გამოვეხმაუროთ კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ქართული ხილის კომპანიის მიერ დაარსებული ხილის გადამამუშავებელი საწარმოს შესახებ. აღნიშნული მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია არაობიექტურია და მოვლენების არასწორ ინტერპრეტაციას ახდენს.
ვადასტურებთ, რომ ამ საკითხზე ნამდვილად დაგვიკავშირდა კახეთის საინფორმაციო ცენტრი და ჩაიწერა ჩვენი კომენტარი, თუმცა ძირითადად დაეყრდნო დაცვის თანამშრომლის ფარულად ჩაწერილ კომენტარს, რომელიც არაკვალიფიციურია მსგავს საკითხებზე სასაუბროდ.
გვინდა განვაცხადოთ „ქართული ხილის კომპანიამ“ შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში $600 000-იანი იაფი კრედიტი მიიღო და სოფელ ჩუმლაყში ხილის გადამამუშავებელი საწარმო ააშენა, რომელიც 12 ივნისს საზეიმოდ გაიხსნა. საწარმო გახსნილია, მუშაობს ადმინისტრაციული ნაწილი, ხოლო საოპერაციო ნაწილი მოსავლის მისაღებად მზად არის და საექსპორტო ხილის სეზონის ბაზარზე გახსნისთანავე ჩაეშვება. მოსავლის ჩაბარება 20-25 ივნისიდან დაიწყება და ამ პროცესის ნახვა ნებისიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.
გუშინ გაიმართა საწარმოს ოფიციალური გახსნა და ხილის დამუშავების სადემონსტრაციო ჩვენება, რომელსაც ესწრებოდა პრემიერ-მინისტრი, კომპანიის უცხოელი ბიზნეს პარტნიორები და სხვა საპატიო სტუმრები. გადამამუშავებელი საწარმოს გახსნა სეზონის დადგომამდე მიღებული პრაქტიკაა, რადგან ფერმერებისთვის ინფორმაცია წინასწარ იყოს ხელმისაწვდომი და მოსავლის აღებას მომზადებულები შეხვდნენ.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტს ეს ინფორმაცია მივაწოდეთ, ავუხსენით საქმის რეალური გარემოება და დავპატიჟეთ ხილის მიღების პროცესის გასაშუქებლად.
აღნიშნული მედიასაშუალების მიერ მიერ მომზადებული ეს სტატია დასახელებული მიზეზების გამო ჩრდილს აყენებს ჩვენი კომპანიის საქმიან იმიჯს და ლახავს ჩვენს რეპუტაციას. თუ მედიასაშუალება ამის მიუხედავად უგულებელყოფს ჩვენ მოწვევას და არ გააშუქებს მოსავლის ჩაბარების პროცესს, ჩვენ უფლებას ვიტოვებთ შევაფასოთ ინფორმაციის არასწორად გაშუქების მოტივი და სამომავლოდ უარი განვაცხადოთ კახეთის საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობაზე.