2014 წლის 13 ივნისს კოალიცია „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე და თბილისის მერობის კანდიდატი დიმიტრი ლორთქიფანიძე, IRI-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბრის ძირითადი თემა შეეხო წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირებულ დარღვევებს.
როგორც დიმიტრი ლორთქიფანიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, IRI-ის წარმომადგენლებმა ვერ დამალეს გაკვირვება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ ასრულებს „ქართული ოცნება“ დანაპირებს, რომელიც ჯერ კიდევ 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე იქნა გაცემული მათ მიერ. ეს ეხება საარჩევნო სიების ბიომეტრული რეგისტრაციის საკითხს, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დაპირება იყო მათი მხრიდან.
„ჩვენ IRI-ის წარმომადგენლებს მივაწოდეთ ინფორმაცია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების კონკრეტული ფაქტების შესახებ და ასევე ჩავაყენეთ საქმის კურსში იმ საარჩევნო კამპანიის ჩაშლის მცდელობებზე რეგიონებში, რომლის მსხვერპლი ჩვენი კოალიცია აღმოჩნდა ნინოწმინდაში, დმანისში და სხვადასხვა რაიონებში.“
შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა კოალიციის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ:
„უცხოელების ძალიან დიდ გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ „ქართული ოცნების“ წარმოამდგენლებმა არ მიიღეს საარჩევნო კოდექსში ის ცვლილებები, რომელსაც თავად ითხოვდნენ წლების განმავლობაში ოპოზიციაში ყოფნის დროს. მათთვის ასევე აბსოლუტურად მიუღებელია ის განცხადება, რომელიც ბატონმა ღარიბაშვილმა გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნება“ არ დაუშვებს არცერთ რაიონში სხვა პოლიტიკური ძალის გამარჯვებას. ჩვენ მოვიყვანეთ ძალიან ბევრი მაგალითი როგორც ზეწოლის, ასევე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა. ჩვენ ერთმნიშვნელოვნად განვუცხადეთ IRI-ის წარმომადგენლებს, რომ ვიცით ის ქალაქები და რაიონები, მათ შორის თბილისიც, სადაც მინიმუმ არის მეორე ტური. ვიცით, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გვიჭერს მხარს და ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ხელისუფლებამ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებულად გააკეთოს იგივე, რაც გააკეთეს საპრეზიდენტო არჩევნების დროს, როდესაც გაიფორმეს პირველი და მეორე ადგილები. განსხვავებით საპრეზიდენტო არჩევნებისგან, ჩვენ ძალიან სერიოზულად ვაპირებთ ხმების დაცვას, არ ვაპატიებთ ხელისუფლებას გაყალბებულ არჩევნებს.
მე ვშიშობ ამჯერად უცხოური და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნები იქნება გაცილებით უფრო მძიმე და მწვავე, ვიდრე ეს იყო საპრეზიდენტო არჩევნების დროს.“