პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელშეწყობით ევროინტეგრაციის შესახებ სიუჟეტები ხუთ ენაზე მომზადდება

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელშეწყობით ევროინტეგრაციის შესახებ სიუჟეტები ხუთ ენაზე მომზადდება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინიციატივით, საზოგადოებრივი მაუწყებელი და დიალოგისა და განვითარების ფონდი ერთობლივად მოამზადებენ სიუჟეტებს ევროკავშირისა და ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობის შესახებ. პროექტის მიზანია ეროვნული უმცირესობების ინფორმირება საქართველოს ევროპული არჩევნის, ევროინტეგრაციის პროცესისა და იმ სარგებლის შესახებ, რომელსაც ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა საქართველოს მოქალაქეებს მოუტანს.

საბოლოო გადაწყვეტილება დღეს ეროვნული უმცირესობების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის სოფიო შამანიდისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის გიორგი ბარათაშვილის შეხვედრაზე მიიღეს. სოფიო შამანიდის განცხადებით, ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ეროვნული უმცირესობების საკითხებზე მუშაობენ, ყურადღებას სწორედ ამ მიმართულებით ამახვილებენ.

„განსაკუთრებით მწირია ინფორმირებულობა საქართველოს იმ რეგიონებში, სადაც ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები კომპაქტურად არიან დასახლებული. ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელშეწყობით საზოგადოებრივი მაუწყებელი და დიალოგებისა და განვითარების ფონდი სპეციალურ სიუჟეტებს მოამზადებენ, რომლებიც ზოგადად ევროპულ ფასეულობებს, ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობას და იმას შეეხება, თუ რა სიკეთეს მოუტანს ხელშეკრულების ხელმოწერა ამ კონკრეტულ რეგიონს", - განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა აღნიშნა, რომ სიუჟეტებს უახლოეს პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის მეშვეობით ვიხილავთ.

„საინფორმაციო გადაცემა „მოამბე" საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხით ხუთ ენაზე ითარგმნება. რეგიონულ მაუწყებლებში ჩვენ ვყიდულობთ საეთერო დროს და ვუშვებთ ჩვენს პროდუქციას. აღნიშნული სიუჟეტები ამ კონკრეტული ფორმატით კვირაში სამჯერ გავა", - განაცხადა გიორგი ბარათაშვილმა.

სპეციალური სიუჟეტები ზემოთ ხსენებულ თემებზე აფხაზურ, ოსურ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენაზე მომზადდება.