როგორც იქნა, ქობულეთის ფიჭვნარში, იქ სადაც 2 ნოემბრიდან მოყოლებული ბულდოზერი ანადგურებდა უნიკალურ მიწისქვეშა ძეგლს, არქეოლოგებმა მუშაობა დაიწყეს. ამ თემაზე ატეხილმა ხმაურმა ბულდოზერი ვერ შეაჩერა, მაგრამ გვერდზე ჩააჩოჩა – არქეოლოგები და ბულდოზერი გვერდიგვერდ მუშაობენ. ამის შესახებ უფრო დაწვრილებით ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორისგან, პროფესორ ამირან კახიძისგან შეიტყობთ, რომელიც ამავდროულად, საქართველო–ბრიტანეთის ფიჭვნარის ერთობლივი ექსპედიციის ხელმძღვანელია. პრესა.გე მას ტელეფონით დაუკავშირდა და ესაუბრა.
შეგახსენებთ, რომ 13 ნოემბერს, ქობულეთის ფიჭვნარში, ე.წ. თავისუფალ ტურისტულ ზონაში, ანუ იქ, სადაც ბულდოზერმა მიწისქვეშა ძეგლის საკმაოდ დიდი ნაწილი უკვე გაანადგურა, მიხეილ სააკაშვილმა დიდი ზარ–ზეიმით ჩაუყარა საფუძველი 12 სასტუმროს მშენებლობას და იქვე დასძინა, აქ მალე 20 ახალი სასტუმრო აშენდება და ყველა მათგანი გადასახადებისგან თავისუფალი იქნებაო.
სააკაშვილის გამოსვლიდან ამონარიდს, სააგენტო “ინტერპრესნიუსზე“ დაყრდნობით გთავაზობთ:
“ქობულეთის ტურისტულ ზონაში არსებული მიწა ინვესტორებს უფასოდ გადეცათ, რაც ბიზნესის ხელშეწყობას ნიშნავს. უახლოეს პერიოდში აქ შემოვიყვანთ წყალს და გაზს; ასევე, დავაგებთ თანამედროვე გზას, რაც ტურისტს საშუალებას მისცემს, ბათუმამდე მაქსიმალურად მოკლე დროში, 15 წუთში ჩავიდეს. ეს ტერიტორია რეალურად ბათუმის ნაწილია“.
სააკაშვილმა ისიც გვამცნო, რომ სასტუმროების მშენებლობაზე ათასი ადამიანი დასაქმდება, ხოლო მშენებლობის დასრულების და სასტუმროების ამოქმედების შემდეგ, სასტუმროებში 3 000 ადამიანი იმუშავებს. მას არაფერი უთქვამს რა ნიშნით შეირჩა სასტუმროების ასაშენებლად მაინცდამაინც ის ტერიტორია, სადაც უნიკალური არქეოლოგიური ძეგლია.
როგორც მასთან დაახლოებული პირები აღნიშნავენ, თუ მიხეილ სააკაშვილამდე სწორად მიიტან საკითხის არსს და აუხსნი, რომ მისი არჩევანი არასწორია, გადაწყვეტილების შეცვლა შესაძლებელია. ქობულეთის ფიჭვნართან მიმართებაში ამ ნაბიჯის გადადგმა ვერავინ გაბედა, თუ გაბედა, მაგრამ ეს მცდელობა ამაო აღმოჩნდა, ჩვენთვის ცნობილი არ არის.
მაგრამ ვიცით ის, რომ ფიჭვნარის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ ბულდოზერის გამოჩენამდე ატყდა ხმაური, რეგიონულ მედია–საშუალებებში; “რესპუბლიკელებმა“ სპეციალური ბრიფინგი გამართეს; ფიჭვნარის თემაზე პრესა.გე–ზე უკვე სამი წერილი გამოქვეყნდა: 4 ნოემბერს მასალა სათაურით – V–III საუკუნეების კოლხური და ელინური კულტურის ნაშთებს ბულდოზერით ანადგურებენ!!! 5 ნოემბერს – შეაჩერეთ ბულდოზერი! 9 ნოემბერს – ბარბაროსები ქობულეთის ფიჭვნარის განადგურებას აგრძელებენ.
ქობულეთის ფიჭვნარის ექსპედიციის ხელმძღვანელს ამირან კახიძეს 15 ნოემბერს, ორშაბათ საღამოს, მაშინ დავურეკეთ, როცა ფიჭვნარის ტერიტორიას კოლეგებთან ერთად ტოვებდა. გვითხრა, რომ მეოთხე დღეა დაიწყეს არქეოლოგიური სამუშაოები, იქ, სადაც ბულდოზერი შეაჩერეს და კიდევ იქ, სადაც აღმოჩენებია მოსალოდნელი.
“ველზე გაშლილი ფრონტით 40–მდე მუშა და 15 მეცნიერ–მუშაკი ვმუშაობთ. ბევრის გაკეთება ერთ თვეში უნდა მოვასწოროთ. ჯერჯერობით, ღვთის წყალობით იდეალური ამინდებია და ვნახოთ შემდეგ რა იქნება. ბულდოზერი ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ მუშაობს, იქ, სადაც აღმოჩენები მოსალოდნელი არ არის.
ამ ოთხი დღის განმავლობაში ქვიშაზვინულებზე გამოჩნდა მშვენიერი ფენები – მაღალი ჭრილი და თხრილში ელინისტური ხანის, ჩვენს ერამდე IV-II საუკუნეების 7 სამარხი. 3–4 ადგილას საკონტროლო თხრილებს ვაკეთებთ. დაღამებამდე ფიჭვნარში ვართ.
იმ ტერიტორიას, სადაც ბულდოზერმა იმუშავა, აღარაფერი ეშველება, ხელიდანაა წასული. ბულდოზერმა გაანადგურა მიწისქვეშა ძეგლის ნაწილი – 600–მდე კვადრატული მეტრი. იქ მუშაობას უკვე აზრი აღარ აქვს. დანარჩენი არა უშავს, არსს გავიგებთ, სამარხებს გადავარჩენთ და ეგებ შემდეგისთვის თქვენი მხარდაჭერით ეს უნიკალური მიწისქვეშა ძეგლი დაცულ ზონად გამოცხადდეს“.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ქობულეთის ფიჭვნარისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭებას ხელს საკანონმდებლო ხარვეზები უშლის – ქობულეთის ფიჭვნარს ძეგლის სტატუსი უნდა მიენიჭოს, კულტურის სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროების შეთანხმების საფუძველზე, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ არ არის დამტკიცებული “დამტკიცების წესი“. ამის შესახებ პრესა.გე–სთან საუბრისას ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის არქეოლოგიის და ხელოვნების ისტორიის განყოფილების გამგემ, ნინო ინაიშვილმა აღნიშნა.
რაც შეეხება ქობულეთის ფიჭვნარში არსებული მიწისქვეშა ძეგლის მნიშვნელობას, ამის შესახებ ამირან კახიძის მონათხრობს მოვიშველიებთ, იმ მკითხველისთვის, ვინც ჩვენს წინა წერილებს არ გაცნობია:
“ეს არის ჩვენი კულტურის უნიკალური ძეგლი, სადაც უზარმაზარ ტერიტორიაზე წარმოდგენილია II–I ათასწლეულის კოლხური კულტურის ნაშთები. გარდა ამისა, ამავე ტერიტორიაზეა ამიერკავკასიაში ბერძნულ ეთნოსთან დაკავშირებული, ჩვენს ერამდე V-IV საუკუნეების ერთადერთი ძეგლი – ნეკროპოლი.
ამიტომ ეს ძეგლი კოლხური კულტურის გენეზისის, საქალაქო ცხოვრების წარმოშობის და ანტიკურ–ბერძნულ სამყაროსთან ურთიერთობების კვლევისთვის უმდიდრეს ინფორმაციას იძლევა. იქ 100 ჰექტარზეა გადაჭიმული, ანტიკური ხანის უზარმაზარი ნაქალაქარი, კოლხური კულტურის ნაშთებით, სადაც 450 სამარხი გვაქვს შესწავლილი. ასევე იქ არის ელინიზმის ეპოქის სამარხები.
ქობულეთის ფიჭვნარში ჩვენთან ერთად, 18 წლის განმავლობაში მუშაობდა ოქსფორდის უნივერსიტეტის აშმოლის მუზეუმის ექსპედიცია. გამოაქვეყნეს სერიალი – ფიჭვნარი პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე; მეხუთე და მეექვსე მოამზადეს. საზღვარგარეთ არ არსებობს ჟურნალი, რომ ფიჭვნარის გათხრებზე ინფორმაციები არ იყოს გამოქვეყნებული; დიდი დაინტერესებაა ამ ძეგლის მიმართ – 1965 წლიდან მოყოლებული თითქმის ყველა სიმპოზიუმის მონაწილე ვარ, რაც კი ჩატარებულა“.