ქვემო ქართლი საქართველოს სხვა კუთხეებისაგან თუნდაც იმით განსხვავდება, რომ იქაური პრობლემების შესახებ ადგილობრივები, როგორც წესი, იშვიათად ლაპარაკობენ. ვერ ვიტყვით, რომ ეს ყველაფერი მაინცდამაინც რაღაც გაურკვეველი შიშითაა განპირობებული, მაგრამ ფაქტია, რომ მარნეულში მცხოვრებ ადამიანებს არ უნდათ ხელისუფლებაზე აუგის თქმა და სიმართლის ხმამაღლა თქმას, ხშირად სიჩუმეს ამჯობინებენ.
მარნეულში საქართველოში არსებული თითქმის ყველა ბანკის ფილიალია, რაც ერთგვარ გაკვირვებას ნამდვილად იწვევს, რადგან ამ მხარეში არსებული არცთუ კარგი სოციალური ფონის გამო, საეჭვოა მოსახლეობას ბანკების მომსახურება სჭირდებოდეს. თუმცა, საქართველო ხომ უცნაურობების ქვეყანაა და მარნეულის მრავალბანკიანობაც თამამად შეგვიძლია მორიგ ქართულ უცნაურობად ჩავთვალოთ.
ალიკ გურბანოვი, მარნეულელი ხაბაზი: “მარნეულში მუდმივი სამუშაო თითქმის არ არსებობს. ყოველ წუთს იხურება და იხსნება სხვადასხვა დაწესებულებები. ზოგი გადასახადს ვერ იხდის, ზოგს კლიენტი არ ჰყავს, ზოგი კი ცოტა ფულს იშოვის თუ არა, ეგრევე თბილისში ან ბაქოში გარბის.
აქ ნებისმიერი საქმიანობის დაწყება სარისკოა, რადგან სიტუაცია იმდენად არამყარია, როდის რა პრობლემა იჩენს თავს, ვერ გაიგებ. ჩვენს მხარეში სააკაშვილი ბევრს უყვარს, მაგრამ მთავრობის მხრიდან ყურადღება მაინც ძალიან ნაკლებია. მთავრობას მხოლოდ არჩევნებზე ვახსენდებით, როცა ჩვენი ხმები სჭირდებათ“.
ქვემო ქართლის რეგიონში მოსახლეობის შემოსავლის ძირითად წყაროს მიწათმოქმედება და მიწათმოქმედებით მოწეული პროდუქციით ვაჭრობიდან მიღებული სახსრები შეადგენს. ადგილობრივ ქართველებსა და ეთნიკურ აზერბაიჯანელებს შრომისმოყვარეობა ნამდვილად არ დაეწუნებათ, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც ძალიან უჭირთ წლიდან წლამდე თავის გატანა.
მიწა ბევრს არა აქვს და ვისაც აქვს, ისინიც უამრავი პრობლემის წინაშე დგანან. საწვავი ძვირი ღირს, სარწყავ წყალში ფულია გადასახდელი, სამუშაო ტექნიკა მოძველებულია, მოსავლის გაყიდვა ჭირს.. ნებისმიერ მარნეულელს რომ ჰკითხოთ, აუცილებლად გეტყვით, რომ მისი მთავარი პრობლემა სოციალურ საკითხებს ადგილობრივებისათვის უმთავრესი საზრუნავი უფრო საკუთარი ოჯახების გამოკვება და ფინანსური სახსრების მოძიებაა.
ლეილა ვაფინოვა, მარნეულის ბაზრის მოვაჭრე: “მარნეული პატარა ქალაქია და აქ ვაჭრობა ყოველთვის ჭირს, რადგან მყიდველია ძალიან ცოტა. თბილისში კი ყველა ადგილი დაკავებულია და იმდენი მოვაჭრეა, რომ ადგილიც კი აღარაა დარჩენილი. აქაური გლეხები იძულებულნი არიან თავიანთი მოსავალი ძალიან იაფად ჩააბარონ, რადგან მოსავლის საერთოდ გაფუჭებას, მისი იაფად გაყიდვა ურჩევნიათ.
ვისაც მანქანა ჰყავს, ისინი დადიან თბილისში ან სადმე სხვაგან და ახერხებენ თავიანთი მოსავლის გაყიდვას, მაგრამ მანქანა ყველას არ ჰყავს და მთელი წლის ნაწვალევ მოსავალს თითქმის კაპიკებში აბარებენ. საქართველოში ბაზრის პროდუქტები ძირითადად თურქეთიდან შემოდის და თურქული პროდუქცია იმდენად იაფია, რომ ჩვენი პროდუქცია რაც არ უნდა მაღალი ხარისხის იყოს, ხალხს ურჩევნია ცოტა გადაიხადონ და ისევ თურქული იყიდონ“.
მიუხედავად იმისა, რომ მარნეულის მოსახლეობის უმრავლესობას ეთნიკური აზერბაიჯანელები შეადგენენ, ქართული ენა აქ მაინც საკმაოდ ბევრმა იცის. თუმცა ენის ცოდნის დღევანდელი დონე და ხარისხი ახალგაზრდა აზერბაიჯანელებს, სამწუხაროდ, მაინც ვერ აძლევს იმის საშუალებას, რომ ქართულენოვან უნივერსიტეტებში მიიღონ ცოდნა. ქვემო ქართლში მცხოვრები ახალგაზრდები ფაქტობრივად მოკლებულნი არიან იმის “ფუფუნებას“, რომ საკუთარ ქვეყანაში მიიღონ კარგი განათლება და ყველა იმაზე ოცნებობს, იმუშაონ და დააგროვონ თანხა, რომელიც საშუალებას მისცემთ ბაქოს უნივერსიტეტებში ისწავლონ.
საქართველოს პრეზიდენტმა – მიხეილ სააკაშვილმა თავის ერთ-ერთი ბოლო სატელევიზიო გამოსვლაში ისაუბრა სწორედ იმ პრობლემაზე, რომ საქართველოს არაქართული მოსახლეობა ქართული ენის არცოდნის გამო იძულებულია თავიანთ “ბიოლოგიურ სამშობლოში“ წავიდეს და იქ მიიღოს განათლება, რაც, როგორც თავად პრეზიდენტმა თქვა, ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან ცუდია.
მიუხედავად ამისა, ჩვენს ხელისუფლებას ჯერ კიდევ არა აქვს რამე გამიზნული გეგმა და სტრატეგია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გადაიჭრას ასეთი ტიპის პრობლემები და ზემოთ აღნიშნული სიტუაციის სანაცვლოდ ქართული სახელმწიფო რა ალტერნატივებს სთავაზობს ეთნიკურ უმცირესობებს. ბოლო დროს საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმის შედეგად, აღმოჩნდა, რომ ბევრმა დირექტორმა წესიერად აზერბაიჯანული კი არა, ქართული ენაც კი არ იცის წესიერად. ამის გამო, მათსა და სკოლის მოსწავლეებს შორის დიდი ენობრივი ბარიერი არსებობს.
თანამედროვე ბავშვებს რუსული არ ესმით, ზოგიერთ დირექტორს – აზერბაიჯანული, და ეს ყველაფერი აისახება ამ სკოლებში მიღებული განათლების დაბალ ხარისხზე. ადგილობრივებს ქართული ენის მაღალ დონეზე შესწავლის სურვილი მართლაც ძალიან დიდი აქვთ, მაგრამ ამ გადასახედიდან ურთულესი იქნება ქართული ენის პოპულარიზაცია თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი სახელმწიფო სათანადო სტიმულს არ უქმნის ადგილობრივ ახალგაზრდებს.
ნინო იკონაშვილი, ქართული ენის პედაგოგი: “რუსული ენა ესაა ენა, რომელიც საშუალებას იძლევა ქართულის არმცოდნე აზერბაიჯანელებმა ქვეყნის დანარჩენ მოქალაქეებთან იურთიერთონ. თუმცა რამდენადაც ვიცით, ქვემო ქართლის სკოლებში რუსული ენის კარგად შესწავლის პრობლემაც დგას.
ეს სიტუაცია უდავოდ უშლის ხელს როგორც ქართველებს, ასევე ეთნიკურ უმცირესობებს იმაში, რომ არა მხოლოდ ჩვეულებრივ მოქალაქეებთან დაამყარონ ურთიერთობა, არამედ სახელმწიფო ორგანოებთანაც პრობლემების გარეშე მოახერხონ კონტაქტი. ენის საკითხი დღეს საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა და სახელმწიფოს ამაზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება მართებს“.
თუმცა, ქართული ენის პედაგოგისაგან განსხვავებით, ოპტიმისტურადაა განწობილი, მარნეულელი ახალგაზრდა ექიმი – ანილა ალიევი, რომელიც მიიჩნევს, რომ ქართული ენა ქვემო ქართლში ბევრმა აზერბაიჯანელმა იცის. თუმცა, ამ კუთხით, ხელისუფლების გაუგებარ პოზიციას ისიც აკრიტიკებს.
ალინა ალიევი, მარნეულის მკვიდრი, ექიმი: “მე ვერ ვიტყვი, რომ მარნეულში და საერთოდ ქვემო ქართლში, ქართული ენა ძალიან ცოტამ იცის. თამამად შეიძლება ითქვას, რომ აზერბაიჯანელები სხვა ეთნიკურ უმცირესობებზე მეტად არიან ინტეგრირებული ქართულ საზოგადოებასთან, თუმცა ბევრმა მართლაც არ იცის ქართული და ამაში დამნაშავე სახელმწიფო უფროა, ვიდრე საკუთრივ მოსახლეობა.
ის პროექტები, რასაც საქართველოს განათლების სამინისტრო ახორციელებს ეთნიკური უმცირესობებისათვის ენის შესწავლის კუთხით, ნამდვილად არაა სწორად წარმართული. ახალგაზრდობას ენის შესასწავლად განსაკუთრებული სტიმული და დაინტერესება სჭირდება და მხოლოდ მოწოდებებით, სახელმწიფო ენას არავინ ისწავლის“