აშშ–ს მოქალაქე, პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძე, რომელიც ამავდროულად, ა/ო “თანასწორობის ინსტიტუტის“ ერთ–ერთი დამფუძნებელია, პრესა.გე–სთან საუბრისას არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელი განცხადებები საომარი მოქმედებების წინაპირობა იყოს.
ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელ დირექტორთან, უჩა ნანუაშვილთან ერთად, ირაკლი კაკაბაძემ სპეციალური პრესკონფერენცია გამართა, “საქართველოში რასიზმის, ქსენოფობიისა და მილიტარიზმის გააქტიურების შესახებ“, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
პრესკონფერენციაზე სააკაშვილის ბოლოდროინდელ განცხადებებთან ერთად “თავისუფლების ინსტიტუტის“ ლიდერის, ლევან რამიშვილის ბლოგზე გამოქვეყნებული აშშ–ს პრეზიდენტის 80–მდე კარიკატურული ფოტო წარმოადგინეს, რომელთა სათაურები, კაკაბაძისა და ნანუაშვილის განმარტებით, შეურაცხმყოფელი და რასიზმის გამომხატველია.
მათივე თქმით, ბოლო დროს, სააკაშვილის “არაკორექტულ განცხადებებში რასიზმის ნიშნები შეინიშნება – კერძოდ, 27 ივლისს, მაღალჩინოსან მებაჟეებთან საუბრისას, საბაჟოზე ჩანთების გახსნის მავნე ტრადიციების განხილვის დროს, სააკაშვილმა იკითხა – “ჩვენ ზანგები ვართ, თუ რატომ ვიქცევით ველურებივით, ამიხსენით!“
უჩა ნანუაშვილის განმარტებით, 21 ივლისს, კანონში “სამხედრო–სარეზერვო სამსახურის შესახებ“ დაჩქარებული წესით, პარტიზანულად მიღებული ცვლილებებით, პარლამენტმა ფაქტიურად დააკანონა გასული წლის დეკემბერში, “სააკაშვილის მიერ წარმოთქმული მილიტარისტული მოწოდებები;
კერძოდ, ეროვნული გვარდიის ახალი შენობის გახსნისას, სააკაშვილმა განაცხადა: “ჩვენს მდგომარეობაში მყოფი თითოეული ქართველი კაცი და ქალი უნდა იყოს მზად საქართველოსთვის საბრძოლველად... უნდა იყოს მზად თითოეული ქართული ოჯახი, თითოეული ქუჩა, რაიონი, კვარტალი, სოფელი, ქალაქი, თითოეული დასახლებული პუნქტი და თითოეული სახლი და ოჯახი უნდა იქცეს წინააღმდეგობის და საქართველოს თავისუფლებისთვის აშენებულ ციხე–სიმაგრედ გარდაქმნილ ბასტიონად...
თუ საჭიროა ნახევარი მილიონი უნდა დადგეს იარაღით ხელში. ამდენ ავტომატსაც ვიშოვით და გვაქვს, და ტყვია–წამალიც საკმარისზე მეტი გვაქვს. ახლა სულ მცირე რჩება – საკმარისი რაოდენობით მომზადებული ხალხი“.
თქვენი აზრით, საომარი მოქმედებების დაწყების წინაპირობა ხომ არ არის, სააკაშვილის ბოლოდროინდელი განცხადებები?
ირაკლი კაკაბაძე: როდესაც ადამიანი ასეთ საომარ რიტორიკას ქადაგებს, ზოგჯერ ღიად და ზოგჯერ შეფარულად, არ არის გამორიცხული, რომ ეს იყოს საომარი მოქმედებების დაწყების წინაპირობა. ჩვენი ღონისძიების ერთ–ერთი მიზანია კიდევ ერთი ომის თავიდან აცილება, რომელიც ძალიან დიდ მსხვერპლს მოიტანს და საშინელებად მოგვიტრიალდება – ამას მთელი საქართველოს ოკუპაცია მოჰყვება.
როგორ აფასებთ, რას ნიშნავს “თავისუფლების ინსტიტუტის“ ლიდერის მიერ, შეურაცხმყოფელი სათაურებით, პრეზიდენტ ობამას კარიკატურების გამოქვეყნება?
– ეს არის პირდაპირი სიძულვილის ფრქვევა, რაც ნებისმიერი ადამიანისგან მიუღებელია. შავკანიანების მიმართ ასეთი დამოკიდებულება, თავისთავად ძალიან ცუდია.
მხოლოდ კანის ფერმა განაპირობა კარიკატურების გამოქვეყნება და სათაურები?
– ბუნებრივია, არა, ორი აზრი არ არის იმაში, რომ ამას ბევრი მიზეზი აქვს. თავისთავად ესაა რასისტული გამოხტომა. სააკაშვილს 27–ში მებაჟეებთან შეხვედრისას, რომ წამოცდა, ალბათ ობამაზე იყო მიმართული; ეს ისე არ ხდება. ცხადია, ლევან რამიშვილს, “თავისუფლების ინსტიტუტს“ და თავად სააკაშვილსაც არ მოსწონთ, რომ ობამას ადმინისტრაციას, ბევრად უფრო ჯანმრთელი პოლიტიკა აქვს საქართველოსთან მიმართებაში, ვიდრე ეს ჰქონდა ბუშის ადმინისტრაციას, რომელიც სააკაშვილს აღზევებაში ხელს უწყობდა და სამხედრო პროგრამებში აბამდა.
ობამას ადმინისტრაციის პოლიტიკა იმაში გამოიხატება, რომ უფრო მეტი ფული ჩაიდოს სამოქალაქო განათლებაში, სამოქალაქო საზოგადოებაში, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში და საქართველო–ამერიკის ურთიერთობაში, სამხედრო დახმარება არ იყოს მთავარი ელემენტი. ეს ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა.
როგორი რეიტინგი აქვს პრეზიდენტ ობამას, აშშ–ში? გავრცელებული ინფორმაციით, აქ “თავისუფლების ინსტიტუტი“ და “ნაცმოძრაობა“ იმ დროის დადგომას ელოდებიან, როცა აშშ–ს სათავეში ისევ რესპუბლიკელები მოვლენ.
– საერთოდ, “თავისუფლების ინსტიტუტში“ “წინასწარმეტყველები“ არიან. დარწმუნებული ვარ, ლევან რამიშვილს და ომის მომხრეებს უნდათ ჩეინის, ბუშის, ან ვინმე ისეთის გაპრეზიდენტება, რომელიც ერაყში ჯვაროსნულ ომს დაიწყებს, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ეს განმეორდეს. ღმერთმა დაგვიფაროს ამისგან.
რაც შეეხება პრეზიდენტ ობამას რეიტინგს, ამას არჩევნები გამოაჩენს. რა თქმა უნდა, კონგრესის პირველ არჩევნებს ადმინისტრაცია ყოველთვის აგებს ხოლმე. ერთი პერიოდი პრეზიდენტ ობამას რეიტინგი ძალიან ქვემოთ წავიდა და როგორც კი ჯანმრთელობის რეფორმა გაიტანა, აღმასვლა დაიწყო – 18%–ით აიწია. რეიტინგი ისეთივე რამეა, როგორიც ფული – ერთ დღეს გაქვს, მეორე დღეს არ გაქვს... რეიტინგის გამოკვლევას მნიშვნელობა აქვს არჩევნებამდე ერთი კვირით, ან ოთხი დღით ადრე.
ამჟამად ობამას მთავარი კონკურენტია ქალბატონი სარა პეილინი, რომელიც მაკკეინის დროს, ვიცე–პრეზიდენტობის კანდიდატი იყო. ის ახლა მხარდამჭრებს აგროვებს; ძირითადად ეყრდნობა რელიგიურ ფანატიკოსებს და კონსერვატიულ ამომრჩეველს; იმათ, ვინც ბუშის ამომრჩეველი იყო. პრესაში მას მასხარადაც იგდებენ, მაგრამ ვნახოთ რა იქნება, ჯერჯერობით ადრეა ამაზე ლაპარაკი.
რას იტყვით პარტიების რეიტინგზე, კონგრესის არჩევნების წინ როგორი ვითარებაა?
– იქ ახლა დაახლოებით ასეთი მოლოდინია, რომ რესპუბლიკელები კონგრესში 5–10%–ს მოიგებენ.
აშშ–ს რომელ წრეებში აქვს სააკაშვილს ყველაზე დიდი დასაყრდენი?
– მაგალითად, ეგრეთ წოდებულ ნეოკონებში, იგივე ნეოკონსერვატორებში აქვს დასაყრდენი. იქ ამათი მეგობრები არიან. პოლ ვოლფოვიცი, მსოფლიო ბანკის ყოფილი დირექტორი სააკაშვილის მეგობარია. ვოლფოვიცი მსოფლიო ბანკიდან კორუფციის გამო გააგდეს.
სააკაშვილს აგრეთვე დასაყრდენი აქვს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში, რომელიც სავსეა რეაქციული, ომის მომხრე ნეოკონსერვატორებით. ისინი მხარს უჭერენ სააკაშვილს. ნიჭიერი კაცია მიშა. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ მეგობრები ჰყავს დემოკრატიულ პარტიაშიც და რესპუბლიკურ პარტიაშიც. ვაშინგტონიდან ძალიან შორს ვცხოვრობ, მთავრობასთან ურთიერთობა არ მაქვს და არ ვიცი იქ ვინ არის სააკაშვილის დასაყრდენი.
ის კი ნამდვილად ვიცი, რომ სააკაშვილი 3 მილიონამდე დოლარს უხდის პიარ–კომპანიებს; მაგალითად, რიჩარდ გეფარტის კომპანიას წელიწადში 500 000 დოლარზე მეტს ურიცხავს; ჯონ პოდესტას კომპანიას, დაახლოებით 500 000–სს; კიდევ ორი თუ სამი კომპანია ჰყავს აყვანილი, ეს ახლა ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ლინკოლნ მიტჩელის კვლევაში, ამ კომპანიების სახელები პირდაპირაა მითითებული და ეს ინფორმაცია საჯაროა.
თუ გაქვთ ინფორმაცია, რას აკეთებდა 3 კვირის განმავლობაში აშშ–ში?
– ალბათ თავის ნაცნობებთან დადიოდა – ერთიდან მეორესთან მიდიოდა. ობამა მგონი არ შეხვდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთ კარიკატურებს აღარ გამოაქვეყნებდნენ და არ იტყოდა ზანგები ხომ არა ვართო. ობამა მას არ ხვდება და სწორსაც აკეთებს; ეს საქართველოსთვისაც კარგია და მსოფლიოსთვისაც. მიშა სააკაშვილის სამხედრო პოლიტიკის მხარდაჭერა, ძალიან ძვირად დაუჯდა ამერიკასაც და მთელ მსოფლიოსაც.
თქვენც შეიცვალეთ პოლიტიკა, აშშ–ს ადმინისტრაციის მსგავსად? ადრე ჯინსებში გამოწყობილი მართავდით საპროტესტო აქციებს, ქუჩებს კეტავდით, მანქანებით დარბოდით და ახლა პიჯაკსა და ჰალსტუხში გამოწყობილი პრესკონფერენციას მართავთ. აღარ ხედავთ მწვავე აქციების გამართვის აუცილებლობას?
– დღეს აქ საელჩოებიდან იყვნენ და ჯინსებით ამიტომ არ მოვედი. საერთოდ, პიჯაკს და ჰალსტუხს, ჯინსებით სიარული მირჩევნია. რატომ ფიქრობთ რომ აღარ ვხედავ მწვავე საპროტესტო აქციების გამართვის აუცილებლობას?! თუ ამის გაკეთება იქნება აუცილებლობა, გავმართავთ. ახლა წინასწარ რომ გამოვაცხადო, ხომ იცით?! – მოემზადებიან და ამიტომ, სჯობია არ იცოდნენ როდის, რას ვაპირებთ.