სოფლის მეურნეობის სამინისტრო თბილისის მერიას მიმართავს, გამგეობებიდან დროულად მოაწოდონ იმ პასუხისმგებელ პირთა სია, ვინც სასოფლო-სამეურნეო ბარათებს ჩაიბარებს და დარიგების პროცესს უზრუნველყოფს. სამინისტროს განმარტებით, როგორც კი გამგეობების მხრიდან ასეთი პირები განისაზღვრებიან, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ოპერატიულად უზრუნველყოფს სასოფლო-სამეურნეო ბარათების გაცემას და, შესაბამისად, თბილისს შემოერთებული სოფლების მოსახლეობა შეუფერხებლად ჩაერთვება „მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტში“.
როგორც ცნობილია, 2014 წელს, „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ განხორციელება დაიგეგმა ქ.თბილისის საზღვრებში მოქცეულ იმ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე, რომლებიც რამდენიმე წლის წინ გარდაბნისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებიდან ქ.თბილისის შემადგენლობაში გადმოვიდა.
სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 5 მარტს წერილობით მიმართა თბილისის მერიას, მაქსიმალურად მოკლე დროში მოეწოდებინათ ინფორმაცია იმ ფერმერების შესახებ, რომლებიც „მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ბენეფიციარებად ჩაითვლებოდნენ. ამავე დროს, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გამგეობებიდან წერილობით მოითხოვა, 10 მარტამდე ინფორმაციის მიწოდება იმ პასუხისმგებელი პირების შესახებ, რომლებსაც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო მიღება-ჩაბარების აქტებით გადასცემდა სასოფლო-სამეურნეო ბარათებს, სპეციალურ ბეჭედს, გააცნობდა ბარათების დარიგების წესს და ჩაუტარებდა შესაბამის ინსტრუქტაჟს პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო კიდევ ერთხელ მიმართავს თბილისის მერიას, განისაზღვრონ შესაბამისი პასუხისმგებელი პირები, რათა საგაზაფხულო საუშაოების ჩატარება თბილისს შემოერთებული სოფლების მოსახლეობისთვის აგროვადების დაცვით განხორციელდეს.
სახელმწიფო 2014 წელს „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში ქ.თბილისის საზღვრებში მოქცეული 17 სოფლის ბენეფიციარს დაეხმარება.