ქართული დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსა და პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლები შედიოდნენ სამუშაო ვიზიტით სერბეთში იმყოფებოდნენ.
ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა სერბეთის, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სოფლის მეურნეობის პოლიტიკისა და კოოპერატივების განვითარების სტრატეგიის გაცნობა.
საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს სერბეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალურ პირებთან, ექსპერტებთან და ადგილობრივ ფერმერებთან.
სერბმა კოლეგებმა ქართული დელეგაციის წევრებს გამოცდილება გაუზიარეს ისეთ მიმართულებებთან დაკავშირებით, როგორიცაა: კოოპერატივების ხელშემწყობი პოლიტიკა ევროკავშირსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში, კოოპერაციის განვითარების ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორები, საკანონმდებლო ბაზა, მიწების გაერთიანება და მიწის ბაზრის განვითარება, ხარისხის კონტროლი და სასურსათო უსაფრთხოება, პროდუქტების საწარმოო-სარეალიზაციო ჯაჭვი კოოპერატიულ სექტორში და კოოპერატივების ტიპები და მართვის პრინციპები.
თავის მხრივ, საქართველოს დელეგაციის წევრებმა სერბ კოლეგებს ქართული კანონმდებლობისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები გააცნეს.
„კიდევ ერთხელ დავრწმუნდით რამდენად მნიშვნელოვანია კოოპერაციის როლი ქვეყნის აგრარული სექტორის განვითარებაში. ამის თვალსაჩინო მაგალითია სერბეთი, სადაც სახელმწიფოს მიერ აქტიურმა მხარდაჭერამ და სუბსიდირების სწორმა პოლიტიკამ ბიძგი მისცა ძლიერი ფერმერული გაერთიანებების ჩამოყალიბებას. საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკაც გულისხმობს, რომ სწორედ სახელმწიფო პროგრამების განხორციელებით უნდა მოხდეს ფერმერთა გამსხვილების პროცესის ხელშეწყობა და სოფლად ძლიერი ფენის ჩამოყალიბების ხელშეწყობა. ეს კი, აგრარული სექტორის განვითარებას, მაღალი სტანდარტის დანერგვასა და ხარისხიანი პროდუქციის წარმოებას განაპირობებს“, - აღნიშნა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ.
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გიგლა აგულაშვილის განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებთან დაკავშირებით საქართველოს აქვს მოქნილი საკანონმდებლო ბაზა და შეღავათიანი საგადსახადო პოლიტიკა, რაც ადასტურებს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.
ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაციის წევრები სერბეთის სხვადასხვა რეგიონებს სტუმრობდნენ, სადაც მოინახულეს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი მეურნეობები, ღვინის, ხილისა და ბოსტნეულის მწარმოებელი კოოპერატივები. გაიმართა შეხვედრები ადგილობრივ ფერმერებთან, კოოპერატივების ასოციაციისა და კავშირის ხელმძღვანელებთან. დღეისათვის სერბეთის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატიული სექტორი 31 113 წევრს ითვლის, სადაც დამატებით 7 ათასამდე ადამიანია დასაქმებული. აგრარული რეფორმების განხორციელების შედეგად, სერბეთის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი ბოლო 7 წლის განმავლობაში 2,5 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც 4 -ჯერ აღემატება 2006 წლის მაჩვენებელს.
სერბეთში ქართული დელეგაციის ვიზიტი, ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია "ოქსფამ"-ის (OXFAM) ორგანიზებითა და საქართველოში სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) პროექტის "სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მხარდაჭერა საქართველოში" ფინანსური მხარდაჭერით შედგა.