პრობაციის ეროვნული სააგენტოს დახმარებით, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში კიდევ სამი პირობით მსჯავრდებული დასაქმდა.
მერაბ დ., სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან პირობით ვადამდე გათავისუფლების შემდეგ, აღრიცხვაზე ახალციხის პრობაციის ოფისში დადგა. სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის პროცესში აღმოჩნდა, რომ პირობით მსჯავრდებული დაპატიმრებამდე მძღოლად მუშაობდა და პირველი კატეგორიის მართვის მოწმობა ჰქონდა. ამ გამოცდილებისა და დადებითი დახასიათების გათვალისწინებით, სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიურომ მერაბ დ-ს უშუამდგომლა სამშენებლო კომპანიის დირექციის წინაშე, რომელმაც პრობაციონერი სატვირთო მანქანის მძღოლად დაასაქმა. იგი ყოველთვიურად 600 ლარამდე გამოიმუშავებს.
სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიუროს რეკომენდაციით, დასაქმდა მინდია ვ-ც, რომლის ოჯახი ეკონომიკური პრობლემების წინაშე იდგა. პირობით მსჯავრდებული ახალციხეში შპს „მექანიზატორში“ დამხმარედ იმუშავებს და მისი ყოველთვიური ანაზღაურება 300 ლარი იქნება.
კახეთის პრობაციის ბიუროს ხელშეწყობით, ყვარლის რაიონში მოქმედ ავტოსერვის ,,რეილ მოტორს”-ში დასაქმდა არასრულწლოვანი პირობით მსჯავრდებული არსენ ა. პრობაციონერი მანქანის ხელოსნის დამხმარედ მიიღეს და პირველ ეტაპზე, ხელფასის სახით, 350 ლარი დაუნიშნეს.