18 მარტს 18 საათზე ენათმეცნიერისა და ლიტერატურათმცოდნის, თსუ-ის ყოფილი პროფესორის, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, პოეტისა და მწერლის მიხეილ ქურდიანის 60 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება.
პროფესორ მიხეილ ქურდიანის ოჯახს თსუ-ის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა გადასცემს ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალს, რომელიც მიხეილ ქურდიანს ქართველოლოგიისა და კავკასიოლოგიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის თსუ-ს აკადემიურმა საბჭომ 2014 წლის 10 თებერვალს მიანიჭა.
მიხეილ ქურდიანის ხსოვნის აღსანიშნავად გაიმართება მისი ცხოვრებისა და მრავალმხრივი მოღვაწეობის ამსახველი ფილმის _ “როცა კაცს უყვარს...” (ავტორი: ჟურნალისტი ნინო კაკულია) ჩვენება.
ღონისძიების ბოლოს მოეწყობა მიხეილ ქურდიანის ლექსების, პოემებისა და წერილების ახალი კრებულის - “მარადიული სრბოლის ხმაურში” პრეზენტაცია, რომელშიც ასახულია პოეტის ძველი და ახალი შემოქმედება.
ღონისძიების ორგანიზატორი და საინფორმაციო მხარდამჭერია გაზეთ “თბილისის უნივერსიტეტის” რედაქცია.
საღამო გაიმართება თსუ პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში.
მიხეილ ქურდიანი 1954 წლის 1 იანვარს ქ. თბილისში დაიბადა. 1976 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, ხოლო 1977 წელს – ხელოვნების ფაკულტეტი ხელოვნებათმცოდნეობის სპეციალობით.
1995 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე - “ქართული ავანგარდიზმი”, ხოლო 1998 წელს – სადოქტორო დისერტაცია თემაზე: “საერთო ქართველური ვერსიფიკაციული სისტემა და ლექსთწყობის ზოგადლინგვისტური თეორია”, რისთვისაც მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი ერთდროულად როგორც ენათმეცნიერებაში, ასევე ლიტერატურათმცოდნეობაში.
2001 წელს დაამთავრა ქუთაისის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურა მატემატიკის, გამოყენებითი მათემატიკისა და გამოყენებითი ლინგვისტიკის სპეციალობით.
თსუ-ში მოღვაწეობა მან 1997 წლიდან დაიწყო. იგი ფილოლოგიის ფაკულტეტზე კითხულობდა ლექციებს. 2006-2010 წწ. გახლდათ თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.
1984 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტში.
1993-1994 წლებში იყო აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ხოლო 1994-2001 წლებში ამავე უნივერსიტეტის ზოგადი ენათმეცნიერების კათედრის გამგე.
მიხეილ ქურდიანის სამეცნიერო ინტერესის სფერო იყო: ზოგადი ენათმეცნიერება, იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება, ზოგადი ლიტერატურათმცოდნეობა, ლექსთმცოდნეობა, ხელოვნებათმცოდნეობა, საქართველოს, კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის ეთნოგრაფია და ეთნოლოგია, ცივილიზაციათა დიალოგი, თეოლოგია.
ფლობდა 14 ენას, მათ შორის იბერიულ-კავკასიურ, სემიტურ, ინდო-ევროპულ და ძველი აღმოსავლეთის მკვდარ ენებს.
გამოქვეყნებული აქვს 300-მდე სამეცნიერო ნაშრომი. 2007 წელს მიხეილ ქურდიანის ავტორობით გამოიცა სქელტანიანი, 1040 გვერდიანი, ფუნდამენტური მონოგრაფია სახელწოდებით - “იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების საფუძვლები”. მასში ავტორი ძალზე სერიოზული ლინგვისტური არგუმენტების მოხმობით უბრუნდება იბერიულ-კავკასიურ ენათა გენეტიკური ერთიანობის თეორიას და ივანე ჯავახიშვილისეული და შემდეგ არნოლდ ჩიქობავას ლოგიკის კვალს მიჰყვება.
მიხეილ ქურდიანმა 2004 წელს მონაწილეობა მიიღო თსუ-ის რექტორის არჩევნებში და დამარცხდა მეორე ტურში, რის შედეგადაც რექტორი რუსუდან ლორთქიფანიძე გახდა.
მიხეილ ქურდიანი იყო ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ერთერთი დამფუძნებელი (1987 წ.), გახლდათ დემოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტი (1990-1994 წწ), რომლის სახელსაც უკავშირდება 3 მარტის დედის დღედ დაწესება. იყო გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი და შემდეგ პრეზიდენტი (2007 წ.). იყო საქართველოს რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი (2003 წ).
მიხეილ ქურდიანი ევროპასა და ამერიკაში “წლის ადამიანად” 1999 წელს აღიარეს. კემბრიჯის საერთაშორისო ბიოგრაფიულმა ინსტიტუტმა მას “წლის საერთაშორისო ადამიანის” წოდება მიანიჭა. მიხეილ ქურდიანის ბიოგრაფია შეტანილია კემბრიჯში მომზადებულ ენციკლოპედიაში _ “XX საუკუნის გამოჩენილი ადამიანები”.
გარდაიცვალა 2010 წლის 30 ოქტომბერს. დაკრძალულია სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში.