ექსპერტთა ოთხეულმა: ლევან კალანდაძემ, ირაკლი ლექვინაძემ, გიორგი აბაშიშვილმა და ლევან ალაფიშვილმა ხუდონჰესთან დაკავშირებით სამთავრობო სამუშაო კომისიის შექმნის ინიციატივა სამშაბათს დააყენეს და პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს წერილით მიმართეს.
"საქართველოს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება ჩვენი საზოგადოებისა და მთავრობის უმთავრესი გამოწვევაა. მიგვაჩნია, რომ დღევანდელობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტის, ხუდონჰესის მშენებლობის პროფესიული განხილვა და საქმიანობის კოორდინაცია საინვესტიციო საბჭოს ფორმატში უნდა წარიმართოს. ამდენად, ყველაზე ეფექტურ ინსტრუმენტად წარმოგვიდგენია სამთავრობო კომისიის შექმნა, რომლის ძირითადი ფუნქციაც მთელი სვანეთის, რეგიონის მოსახლეობასთან კომუნიკაციის წარმოება და ასევე ყველა იმ საკითხის ოპერატიული გადაწყვეტა იქნება, რომელიც ხუდონჰესის პროექტის განვითარებასთან დაკავშირებით წარმოიქმნება."
აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით, კომენტარს აკეთებენ სხვადასხვა უწყების მინისტრები:
დავით ნარმანია (რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი): "რა თქმა უნდა კომუნიკაცია და კონსულტაციები საჭიროა და აუცილებელია ამ საკითხთან დაკავშირებით. შესაძლებელია შეიქმნას ასეთი კომისია, ყოველ შემთხვევაში მსჯელობა უნდა და ამაზე თავისი არგუმენტაცია ენერგეტიკის სამინისტრომ უნდა წარმოადგინოს. თუმცა, კომუნიკაცია და კონსულტაცია პროცესს ხელს არ უშლის. პირიქით, წაადგება მოვლენების განვითარებას.
თუ შეიქმნება სამთავრობო კომისია, ჩვენი სამინისტრო, რა თქმა უნდა, ჩართული იქნება კომისიის მუშაობაში.
დავით სერგეენკო (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი): "ჩემი აზრით, ეს არის მასშტაბური პროექტი, რომელსაც მაღალი დონის ფართო ანალიზი ჭირდება. ალბათ კარგი აზრია კომისია შეიქმნას, სადაც სამთავრობო და არასამთავრობო ექსპერტების დონეზე მოხდება ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხილვა."
ხათუნა გოგალაძე (გარემოს დაცვის მინისტრი): "მე, ხუდონჰესთან დაკავშირებით ნებისმიერ შესწავლას მივესალმები. ეს იქნება ექსპერტებისა თუ სამთავრობო დონეზე. კარგად არ ვიცი რას გულისხმობენ ექსპერტები და რა ფორმატის კომისიაზეა საუბარი. მაგრამ, მთავარია კომისიის ფორმატი სწორად იყოს შერჩეული"
სოზარ სუბარი (სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი): "რამდენადაც ვაკვირდები, ამ პროექტის განხორციელებაში საზოგადოების ჩართულობა ძალიან მაღალია. ენერგეტიკის სამინისტრო და მთავრობა მუდმივად გამოთქვამენ მზადყოფნას დიალოგისთვის. რაც შეეხება ახალი კომისიის შექმნას, მე არ ვარ იმდენად ჩახედული პროექტის დეტალებში, რომ მის საჭიროებაზე ვიმსჯელო.
ალბათ ენერგეტიკის სამინისტრო უფრო კომპეტენტური იქნება პასუხის გაცემაში. პირადად მე რასაც ვხედავ, როგორც ამ კუთხის წარმომადგენელი, მთავრობის წევრი თუ საზოგადოების რიგითი წევრი, ძალიან აქტიურია საზოგადოების ჩართულობა, როგორც მოსახლეობის, ისე ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების. კარგი იქნება თუ ამაში ექსპერტებიც ჩაერთვებიან."