"ჩვენ გვაქვს კონსტრუქციული და გონივრული პოლიტიკა რუსეთან. თქვენ შეხედეთ, რა ხდებოდა გასული წლების განმავლობაში და რა შედეგი გამოიღო სააკაშვილის ხელისუფლების ასეთმა ხისტმა და რადიკალურმა პოლიტიკამ. მივიღეთ ომი. იყო იქ პროვოკაციები, ამის თავიდან აცილება სამწუხაროდ ვერ შეძლო სააკაშვილმა და მოხდა ის, რაც ჩვენ უკვე კარგად ვიცით. ასე,რომ, ჩვენი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ჩვენ ყოველთვის მკაფიოდ დავაფიქსირებთ და ყველგან დავამტკიცებთ რომ რუსეთთან მიმართებაში ჩვენ აბსოლუტურად შევცვალეთ პოლიტიკა და ჩვენ გვაქვს დაბალანსებული და კონსტრუქციული, თუმცა პრინციპული პოლიტიკა. მე მინდა დაგიდასტუროთ რომ ეს პირადად ამერიკის პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის მხრიდან არის მოწონებული. მათი რჩევა იყო, რომ კონსტრუქციული დიალოგი უნდა გავაგრძელოთ რუსეთთან. ეს იყო პირველი რჩევა რაც ჩვენ ამერიკიდან და ჩვენი მეგობარი ქვეყნებიდან, იგივე, ევროპული სახელმწიფოებიდან მივიღეთ იყო აბსოლუტურად გონივრული და ბრძნული, სწორი რჩევა: მოგვეხდინა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება“,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, არავის სურს რუსეთთან დაძაბული ურთიერთბების ჩამოყალიბება.
„შესაბამისად, ჩვენს ინტერესებში უნდა იყოს რომ რუსეთთან გვქოდეს დალაგებული, ნორალური ურთიერთობა, მაგრამ, რა თქმა უნდა, მე ხაზს ვუსვამ, რომ ეს არ მოდის წინააღმდეგობაში ჩვენს პრინციპულ პოზიციასთან - ჩვენთვის ყველაზე მტკივნეული არის ოკუპირებული ტერიტორიები. ჩვენ ამას ყოველთვის ვახსენებთ რუსეთს და ხაზს ვუსვამთ, რომ ამ მიმართულებით უნდა მოვახდინოთ პროგრესი. ჩვენი ევროპული არჩევანი, ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანი არ მოდის წინააღმდეგობაში ჩვენს მიერ წარმოებულ კონსტრუქციულ პოლიტიკასთან. იმიტომ, რომ საქართველო არ შეიძლება იყოს რუსეთის მტერი. ჩვენ არ ვართ რუსეთის მტრები და ჩვენ არ ვაძლევთ რუსეთს არავითარ საბაბს რომ საქართველო დაადანაშაულოს რაიმე პროვოკაციულ ქმედებაში. სამწუხაროდ არაადეკვატური და ჩვენს მიერ წარმოებულ პოლიტიკასთან შეუთავსებადი იყო რუსეთის მხრიდან განხორციელებული პროვოკაციული ქმედებები, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში - ვგულისხმობ მავთულხლართების ინსტალაციას. აი ეს არ მოდის თანხვედრაში ჩვენს მიერ წარმოებულ კონსტრუქციულ პოლიტიკასთან. საქართველო არ არის რუსეთის მტერი და ჩვენი ხელისუფლება არ მისცემს რუსეთს იმის საბაბს, რომ საქართველო დაადანაშაულონ რაიმე პროვოკაციაში“,- აღნიშნა პრემიერ- მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს სურს, ეს რეალობა გარდაქმნას და დაარწმუნოს რუსეთი, რომ ევროპული არჩევანი არ მოდის წინააღმდეგობაში ჩვენი ქვენის მიერ წარმოებულ კონსტრუქციულ პოლიტიკასთან.
„საქართველოს სურს, რომ გახდეს უკეთესი ქვეყანა და ჩვენს ხელისუფლებას აქვს იმის ამბიცი,ა რომ საქართველო გარდაქმნას რეალურად თანამედროვე ევროპულ ცივილიზებული ტიპის სახელმწიფოდ“,- აღნიშნა პრემიერმა.